კენტუკის შტატის აღმოსავლეთ ნაწილში ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეულ წყალდიდობას, სულ მცირე, 26 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის არიან ბავშვებიც. დაღუპულთა რიცხვი, სავარაუდოდ, გაიზრდება.
ამის შესახებ შტატის გუბერნატორმა, ენდი ბეშირმა განაცხადა და დასძინა, რომ ცხედრების ძებნა რამდენიმე კვირის განმავლობაში გაგრძელდება.
„ზარალი დიდია, ბევრი ოჯახი იძულებული გახდა – დაეტოვებინა სახლები. მომდევნო დღეებში უფრო ძლიერი წვიმაა მოსალოდნელი“, – დაწერა გუბერნატორმა .
30 ივლისის მდგომარეობით, 4 ბავშვის დაღუპვა იყო დადასტურებული. გუბერნატორის თქმით, ეს რიცხვი, სავარაუდოდ, გაიზრდება.
ენდი ბეშირმა 28 ივლისს საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და სტიქიურ უბედურებას კენტუკის ისტორიაში “ერთ-ერთი ყველაზე საშინელი და დამანგრეველი წყალდიდობა” უწოდა.
29 ივლისს აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კენტუკიში დიდი ბუნებრივი კატასტროფა გამოაცხადა. შტატს ფედერალური დაფინანსება გამოეყო.
ენდი ბეშირმა ასევე თქვა, რომ შტატის ინფრასტრუქტურის აღდგენას შესაძლოა, წლები დასჭირდეს.