დიმიტრი ტორაძე: იან მალკოლმ ჰოქს უფლება აქვს ხაზარაძე-ჯაფარიძეს მოსთხოვოს 40 მილიონი დოლარის ანაზღაურება თიბისი ბანკის სასარგებლოდ 

„თიბისი ბანკის“ ბრიტანელი აქციონერის იან მალკოლმ ჰოქის ადვოკატი დიმიტრი ტორაძე ბანკის ქართველი აქციონერების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატის ზვიად კორძაძის განცხადებას ეხმაურება.
კორძაძის მტკიცებით, ჰოქი არ არის სათანადო მოსარჩელე, რადგან ის არა „თიბისი ბანკის“ აქციონერი, არამედ „თიბისი PLC-ის“ აქციონერია.
როგორც დიმიტრი ტორაძე „საქმიან დილაში“ საუბრისას განმარტავს, სარჩელში დეტალურად არის აღწერილი არა მხოლოდ მოთხოვნის საფუძვლები, არამედ სათანადო მოსარჩელეობის საკითხებიც.
ბრიტანელი აქციონერის უფლებადამცველი ყურადღებას ამახვილებას იან მალკოლმ ჰოქის სათანადო მოსარჩელეობაზე და განმარტავს, თუ რატომ არის ის უფლებამოსილი, შეიტანოს სარჩელი ხაზარაძე-ჯაფარიძის წინააღმდეგ და თან ბანკის სასარგებლოდ:
„როგორც იან მალკოლმ ჰოქის წარმომადგენელი, მსურს გამოვეხმაურო მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წარმომადგენლის განცხადებას, რომ თითქოს იან მალკოლმ ჰოქი არ არის სათანადო მოსარჩელე და მას არ შეუძლია, სარჩელი წარადგინოს ხაზარაძისა და ჯაფარიძის წინააღმდეგ ბანკის სასარგებლოდ. ყოველგვარი გაურკვევლობის თავიდან აცილების მიზნით, განვმარტავ, რომ სარჩელში დეტალურად არის აღწერილი არა მხოლოდ მოთხოვნის საფუძვლები, არამედ სათანადო მოსარჩელეობის საკითხებიც.
საკითხის აქტუალურობიდან გამომდინარე, ყურადღებას გავამახვილებ იან მალკოლმ ჰოქის სათანადო მოსარჩელეობასთან მიმართებით, ანუ იმ საკითხთან დაკავშირებით, თუ რატომ არის ის უფლებამოსილი, შეიტანოს სარჩელი ხაზარაძისა და ჯაფარიძის წინააღმდეგ და თან ბანკის სასარგებლოდ: იან მალკოლმ ჰოქმა აქციები შეიძინა ლონდონის საფონდო ბირჟაზე, კერძოდ, მან შეიძინა სს „თიბისი ბანკის“ ის აქციები, რომელიც, ბანკის ვებგვერდის მიხედვით, ლონდონის საფონდო ბირჟაზე 2014 წლიდან ივაჭრება.
ამდენად, ის არის აქციის/ფასიანი ქაღალდის მფლობელი, რომლის უკან დგას ბანკის აქტივი და რომლის ღირებულების განმსაზღვრელი/განმაპირობებელი არის კიდეც ბანკის აქტივი. ბანკის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირები დღეის მდგომარეობით უარს ამბობენ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ ბანკისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე, ანუ ფაქტობრივად, უარს ამბობენ ბანკის კაპიტალის/აქტივების გაზრდაზე. აღნიშნულით კი მატერიალურ ზიანს აყენებენ ბანკის აქციების თითოეულ მფლობელს, რადგან ბანკის კაპიტალის მოცულობის ზრდა პირდაპირ აისახება აქციის ღირებულებაზე.
იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი პირები უარს ამბობენ ბანკის კაპიტალის მოცულობის ზრდაზე, აქციის მფლობელს რჩება ერთადერთი მექანიზმი: წარადგინოს მოთხოვნა ბანკისთვის ბრალეული ქმედებით ზიანის მიმყენებელი პირების წინააღმდეგ, თან იმ ფორმით, რომ მოთხოვნა მიმართული იყოს ბანკის სასარგებლოდ. სწორედ აღნიშნულის გათვალისწინებით, იან მალკოლმ ჰოქი ცდილობს, ბანკს აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი, გაიზარდოს მისი კაპიტალის მოცულობა და ამით მისი და თითოეული აქციის მფლობელის აქცია გამოხატული იყოს რეალურ ღირებულებაში. საკითხი დგას მარტივად: ბანკის კაპიტალის ზრდა ნიშნავს ბანკის აქციის ღირებულების ზრდას “, – განმარტავს ტორაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები