შინაგან საქმეთა სამინისტრო გუდაურთან მომხდარი ტრაგედიის გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და გარდაცვლილთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს გუდაურთან მომხდარი ტრაგედიის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახებს, თანამშრომლებს და მეგობრებს.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, გუდაურთან მომხდარი ტრაგედიის ადგილზე შინაგან საქმეთა მინისტრი ჩავიდა.

მათივე ცნობით, ვახტანგ გომელაური სამაშველო და საგამოძიებო ღონისძიებები მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო, რის შემდეგაც მედიასაშუალებების წარმომადგენლებთან მომხდარის შესახებ კომენტარი გააკეთა.

„მინდა პირველ რიგში, მწუხარება გამოვთქვა მომხდარ ფაქტიდან გამომდინარე. მივუსამძიმრო დაღუპულების ოჯახებს. ძალიან მძიმეა ჩვენთვის ყველასთვის, მით უმეტეს მათი ოჯახებისთვის, მეგობრებისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის. იცით, რომ ექვსი ადამიანი იყო ჩვენი თანამშრომელი, ორი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ექიმი უბედური შემთხვევა მოხდა.

გავრცელდა კადრები ინტერნეტშიც და ტელევიზიითაც, ვერტმფრენმა დაკარგა კონტროლი და მოხდა მისი ვარდნა, მეტი ჯერ-ჯერობით არაფერი ვიცით. ექსპერტები იმუშავებენ, თუ რამ გამოიწვია მართვის დაკარგვა.

სამწუხაროდ რვა ადამიანია გარდაცვლილი, ერთი ადამიანია დაშავებული. უცხოელი ტურისტიც გარდაცვლილია, ვის საშველადაც ტარდებოდა სამაშველო ოპერაცია. დაშავებული ვინც იყო ის ამოიყვანეს, ცოცხალია, გადაჰყავს სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის თანაშრომლებს.

ჯგუფები აგრძელებენ მუშაობას. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დღესვე მოხდეს გარდაცვლილების გადასვენება“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები