მე-4 ქვეითი ბრიგადის სამხედროებმა ვაზიანში კომბინირებული წვრთნა ჩაატარეს

საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის მე-4 ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებმა ვაზიანში კომბინირებული წვრთნა ჩაატარეს.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საველე სწავლებაში მე-4 ქვეითი ბრიგადის 43-ე ბატალიონის ასეულები მონაწილეობდნენ, რომელსაც მხარს 44-ე საარტილერიო ბატალიონი, საინჟინრო და სადაზვერვო ჯგუფები უჭერდნენ.

ერთკვირიანი გეგმიური სწავლების ფარგლებში ქვედანაყოფებმა რეალურ ვითარებასთან მაქსიმალურად მიახლოებული პრაქტიკული მეცადინეობები გაიარეს. სწავლებისთვის სპეციალურად მოეწყო დასახლებული პუნქტი. სიმულაციური სცენარის მიხედვით შესრულდა სხვადასხვა ამოცანა, მათ შორის თანამედროვე ტექნოლოგიებით ცეცხლის გამოძახება და კორექტირება, საინჟინრო ქვედანაყოფის მიერ დანაღმული ველის აფეთქება, დასახლებულ პუნქტში შეტევის მოგერიება და შენობის გაწმენდა. წვრთნებში ქართული წარმოების „დიდგორი მედევაკი“ მონაწილეობდა, რომელმაც დაჭრილების ევაკუაცია განახორციელა. დაშავებული სამხედროების საჰაერო ევაკუაციაში ახლადმოდერნიზებული UH-1 იროკეზის ტიპის ვერტმფრენიც ჩაერთო.

სწავლების მიზანი დასახლებულ პუნქტებში ბრძოლისას სხვადასხვა გვარეობის ქვედანაყოფების კოორდინირებული მუშაობა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების დახვეწა, აგრეთვე თავდაცვის ძალებში ახლადდანერგილი ტექნოლოგიებისა და სისტემების პრაქტიკაში გამოყენება იყო.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები