უკრაინის ქალაქ ენერგოდარის მერმა, დმიტრო ორლოვმა რუსი ჯარისკაცები ზაპაროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ციხესიმაგრედ გამოყენებაში დაადანაშაულა. ამის შესახებ CNN-ი წერს.
„ოკუპანტებმა დაიწყეს მძიმე იარაღის გამოყენება ზაპაროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან, საცხოვრებელ ადგილებში. მსგავსი სიტუაცია შეინიშნება ბოლო კვირაა. ოკუპანტები მდინარის მოპირდაპირე სანაპიროზე, ქალაქ ნიკოპოლს ბომბავენ. მათ კარგად იციან, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები არ უპასუხებენ ამ თავდასხმებს, რადგან ამან შეიძლება ატომური ელექტროსადგური დააზიანოს. ამიტომ, ოკუპანტები ზაპაროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს ციხესიმაგრედ იყენებენ“, – განაცხადა ორლოვმა.
ენერგოდარი ომის პირველივე დღეებიდან რუსეთის ოკუპაციის ქვეშ არის. ორლოვის თქმით, ის ქალაქში არ იმყოფება, მაგრამ ქალაქში მცხოვრებ მოსახლეობასთან მჭიდრო კომუნიკაციაში რჩება.
„ოკუპანტები ატომური ელექტროსადგურის მუშაკებს და ადგილობრივ მოსახლეობას მძევლებად იყენებს. ადამიანებს იტაცებენ ფულის ან სხვა სარგებლის მოპოვების მიზნით. ხალხი სარდაფებშია გამომწყვდეული“, – განაცხადა დმიტრო ორლოვმა.