,,თქვენ ვინც ოდესმე წერილებს მწერდით“ – ვახტანგ ჯავახაძესთან შეხვედრა გაიმართება
27 ივლისს, 17.00 საათზე, გალაკტიონ ტაბიძის მემორიალურ სახლ-მუზეუმში გაიმართება შეხვედრა „ელეგიისა“ და „უცნობის“ ავტორთან, ვახტანგ ჯავახაძესთან, რომელსაც 29 ივლისს 90 წელი უსრულდება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში დაინტერესებულ აუდიტორიას შესაძლებლობა ექნება, შეხვდეს ვახტანგ ჯავახაძეს, მოისმინოს მისი, როგორც პოეტის ისტორია, გაეცნოს მის უახლეს ნაწარმოებებს და თავადაც წაიკითხოს პოეტის საყვარელი ლექსები.
„თქვენ, ვინც ოდესმე წერილებს მწერდით,
თქვენ ყოველ სიტყვას და ყოველ წერტილს
სიყვარულით და პატივისცემით
სამარადისოდ ინახავს ჩემი
მეხსიერების ცეცხლგამძლე ყუთი“…
ვახტანგ ჯავახაძე – პოეტი, დაიბადა 1932 წლის 29 ივლისს ქ. ქუთაისში. 1956 წელს მუშაობა დაიწყო გამომცემლობაში “სახელგამში“, 1980 წლიდან გამომცემლობის მთავარი რედაქტორია. 1952 წლიდან აქვეყნებს ლექსებს. წლების განმავლობაში დაიბეჭდა პოეტის რამდენიმე კრებული. 1959 წელს გამოსცა ლექსების პირველი კრებული -„საყვარელი ქარები”.
ვახტანგ ჯავახაძის ლექსები თარგმნილია: იტალიურ, ინგლისურ, რუსულ, უკრაინულ, სომხურ, ესტონურ, მოლდავურ, პოლონურ, უნგრულ, რუმინულ და სხვა ენებზე.
2009 წლიდან ვახტანგ ჯავახაძე თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანების გალაკტიონ ტაბიძის სახლ-მუზეუმის თანამშრომელია. პოეტმა ჯერ კიდევ 40 წლის წინ დაიწყო ბიოგრაფიული აპოლოგიის შექმნა გალაკტიონ ტაბიძეზე, რომელშიც დღემდე აგრძელებს საინტერესო ამბებით, დღიურებით, ჩანახატებითა და მოგონებებით შევსებას. 1988 წლიდან-2020 წლებში გამოიცა „უცნობის“ შევსებული შვიდი გამოცემა.
ვახტანგ ჯავახაძე არის შოთა რუსთაველის სახელობის, საბასა და გალას პრემიების ლაურეატი.
მისამართი: თბილისი, კოტე მარჯანიშვილის ქ. N4.