“უკრაინა, როგორც სახელმწიფო, ყველაფრის შედეგად შესაძლოა, გაქრეს მსოფლიო რუკიდან და სახელმწიფო სუვერენიტეტის ნარჩენებიც დაკარგოს”, – ასე ფიქრობს რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი და “ტელეგრამში” მორიგ მოსაზრებებს აქვეყნებს სათაურით – “მათი ცოდვები, რაში არ არის დამნაშავე რუსეთი”.
მედვედევის აზრით, რუსეთი არ არის დამნაშავე იმაში, რომ:
“1. ამერიკელებმა ევროპელი სულელები ცინიკურად მოატყუეს და აიძულეს, სანქციების შედეგები საკუთარ თავზე აეღოთ;
2. იმაში, რომ რიგითი ევროპელები ამ ზამთარს საკუთარ სახლებში გაიყინებიან;
3. იმაში, რომ ევროპასა და შეერთებულ შტატებში ბოლო ათწლეულების განმავლობაში სურსათის ყველაზე მაღალი ინფლაციაა;
4. იმაში, რომ კომპანიებმა ევროკავშირიდან და აშშ-დან რუსეთის ეკონომიკაში მრავალმილიარდიანი ინვესტიციები დაკარგეს;
5. იმაში, რომ ამერიკელებმა პრეზიდენტად დემენციით დაავადებული უცნაური ბაბუა აირჩიეს, რომელმაც საკუთარი მოვალეობები დაივიწყა და რომელსაც სხვა ქვეყანა მეტად უყვარს, ვიდრე საკუთარი;
6. იმაში, რომ გიჟები, რომლებიც თავს “ევროკავშირის ხელმძღვანელობას” უწოდებენ, რეალობასთან კავშირი სრულიად დაკარგეს და აიძულებენ უბედურ უკრაინელებს, სიცოცხლე ევროკავშირში გაწევრიანების სანაცვლოდ დათმონ;
7. იმაში, რომ მრავალი პოლიტიკური თაღლითი მანიპულირებს უკრაინის სახელმწიფოებრიობის აღდგენის თემით, ახალი სამხედრო შეკვეთების მიღებისა და კიევის რეჟიმისთვის გამოყოფილი ფულადი ნაკადების გაფლანგვის იმედით;
8. იმაში, რომ ნატო, ლოგიკისა და საღი აზრის საწინააღმდეგოდ, რუსეთის საზღვრებთან მიახლოებას აგრძელებს, რითაც მსოფლიო კონფლიქტისა და კაცობრიობის მნიშვნელოვანი ნაწილის დაღუპვის რეალურ საფრთხეს ქმნის;
9. იმაში, რომ, 2014 წლის გადატრიალების შემდეგ, უკრაინამ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა დაკარგა და კოლექტიური დასავლეთის უშუალო კონტროლის ქვეშ მოექცა და დაიჯერა, რომ ნატო მის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს;
10. იმაში, რომ იმ ყველაფრის შედეგად, რაც ხდება, უკრაინამ შესაძლოა, სახელმწიფო სუვერენიტეტის ნარჩენები დაკარგოს და მსოფლიო რუკიდან გაქრეს;
11. იმაში, რომ უკრაინელ კრიმინალებს აუცილებლად გაასამართლებენ უკრაინისა და რუსეთის ხალხების წინააღმდეგ ჩადენილი სისასტიკისთვის”, – წერს მედვედევი.