ნიკოლოზ სამხარაძე და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები ევროპული პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის დელეგაციას შეხვდნენ
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე და კომიტეტის წევრები ევროპული პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის (AFET) თავმჯდომარეს, დევიდ მაკალისტერსა და კომიტეტის წევრებს შეხვდნენ.
პარლამენტის ინფორმაციით, საუბრის მთავარ თემას რეგიონში მიმდინარე მოვლენები წარმოადგენდა.
მხარეებმა უკრაინაში რუსეთის მხრიდან მიმდინარე აგრესიასა და იმ მოლოდინებზე ისაუბრეს, თუ როგორ შეიძლება, განვითარდეს ომი უკრაინაში და რა საფრთხეები შეიძლება, მან შეუქმნას საქართველოს და მთლიანად შავი ზღვის რეგიონს.
„შეხვედრა სრულად დაეთმო რეგიონში მიმდინარე მოვლენებს, საქართველოს, როგორც მშვიდობის მედიატორის როლს სამხრეთ კავკასიაში. ასევე, ჩვენს მოლოდინებს – თუ როგორ შეიძლება, განვითარდეს ომი უკრაინაში, რა საფრთხეებს შეიძლება უქადდეს ეს ომი საქართველოს და მთლიანად შავი ზღვის რეგიონს. სტუმრებს აინტერესებდათ ისეთი საკითხები, როგორიცაა საქართველოს ადგილი რეგიონში, მის მიერ განხორციელებული საგარეო პოლიტიკა და როგორ შეიძლება ევროკავშირი დაეხმაროს ქვეყანას ამ საგარეო პოლიტიკის განხორციელებაში“, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ნიკოლოზ სამხარაძემ.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ხელაშვილმა, თავმჯდომარის მოადგილე დავით ზილფიმიანმა და კომიტეტის წევრმა, რამაზ ნიკოლაიშვილმა.