ილია ღუდუშაური: საუბარი იმაზე, რომ თურქეთიდან შემოტანილი მედიკამენტები გაძვირდება და ძველ ნიშნულს დაუბრუნდება, არის სპეკულაცია და არ შეესაბამება სიმართლეს
“საუბარი იმაზე, რომ თურქეთიდან შემოტანილი მედიკამენტები გაძვირდება და ძველ ნიშნულს დაუბრუნდება, არის სპეკულაცია და არ შეესაბამება სიმართლეს“, – ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, ილია ღუდუშაურმა განაცხადა.
მისი განმარტებით, თურქეთში, მთავრობის გადაწყვეტილებით, ფარმაცევტული კურსი დაკორექტირდა, რამაც შესაძლოა, მცირე გავლენა იქონიოს თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტების ფასზე და მნიშვნელოვან ცვლილებას არ ველოდებით. ამის საფუძველს გვაძლევს ის გარემოებაც, რომ 2022 წლის თებერვალში ანალოგიურ კორექტირებას ჰქონდა ადგილი, რასაც საქართველოში თურქეთიდან შემოტანილ მედიკამენტების ფასებზე გავლენა არ მოუხდენია. თურქეთში ფარმაცევტული კურსის დაკორექტირებით არ დაიკარგება ის ეფექტი, რაც საქართველოში თურქეთიდან შემოსული მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით მივიღეთ.
„მნიშვნელოვან ცვლილებებს არ ველოდებით. ის ეფექტი, რომელიც წლის დასაწყისში თურქული ბაზრის გახსნით მივიღეთ, საქართველოში მედიკამენტების ფასებთან მიმართებით არ დაიკარგება.
თურქეთიდან შემოტანილი მედიკამენტები კვლავ მნიშვნელოვნად იაფი იქნება, ვიდრე ეს იყო წლის დასაწყისში. ვფიქრობ, საუბარი იმაზე, რომ თურქეთიდან შემოტანილი მედიკამენტები გაძვირდება და ძველ ნიშნულს დაუბრუნდება, არის სპეკულაცია და არ შეესაბამება სიმართლეს”, – განაცხადა ილია ღუდუშაურმა.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეს საქართველოს სააფთიაქო ქსელებში ხელმისაწვდომია თურქეთიდან იმპორტირებული 400-ზე მეტი დასახელების მედიკამენტი და მათი რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება. ფასები 60% − 80%-მდე შემცირდა. წელს, 150 000-ზე მეტმა ადამიანმა მედიკამენტებში ძველი ფასებით 79 მილიონის ნაცვლად, დაახლოებით 26 მილიონი ლარი გადაიხადა. დანაზოგი დაახლოებით 53 მილიონი ლარია.