ოთარ შამუგიამ სოფლის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით შექმნილი ხილის გადამმუშავებელი საწარმო დაათვალიერა
გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი და კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი შიოშვილი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში, სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით შექმნილი შპს „ქართული აგრო პროდუქტის” ხილისა და ბოსტნეულის გადამმუშავებელ საწარმოში იმყოფებოდნენ, სადაც ატმის მიღებისა და გადამუშავების პროცესს ადგილზე გაეცნენ.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში, ხილისა და ბოსტნეულის გადამმუშავებელი საწარმო სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა. საწარმოში, ჯამურად, 4 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა, მათ შორის, 600,000 ლარი გრანტია, ხოლო 1,5 მლნ ლარი შეღავათიანი აგროკრედიტი. საწარმოში, სადაც 15 ადამიანია დასაქმებული, წლიურად 5,000 ტონა ხილისა და ბოსტნეულის გადამუშავებაა შესაძლებელი. პროდუქციის რეალიზაციას კომპანია ბრენდის „კეთილი და პატიოსანი“ სახელით ახდენს.
ტექნიკური დახმარების პროგრამის ფარგლებში, კომპანიამ ISO სტანდარტი დანერგა. პროდუქცია იყიდება როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე დიდ ბრიტანეთში, აშშ-ში და კატარში. კომპანია მიმდინარე წელს საფრანგეთსა და გერმანიაში გეგმავს პროდუქციის ექსპორტს.
სოფლის განვითარების სააგენტოს გადამმუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის ფარგლებში, კახეთის რეგიონში 15 გადამმუშავებელი საწარმოს შექმნა დაფინანსდა, რომელთა ჯამური საინვესტიციო ღირებულება 25 მლნ ლარს აჭარბებს, სახელმწიფო თანადაფინანსება 7 მლნ ლარს აღემატება.