შრი-ლანკის პარლამენტმა ქვეყნის ახალი პრეზიდენტი აირჩია
შრი-ლანკის პარლამენტმა ქვეყნის პრეზიდენტად პრემიერმინისტრის მოვალეობის შემსრულებელი და სახელმწიფოს დროებითი მეთაური, რანილ ვიკრემესინგე აირჩია.
ამის შესახებ პარლამენტის გენერალურმა მდივანმა, დხამიკა დასანაიაკმა განაცხადა, რომელიც ხმის დამთვლელი კომისიის თავმჯდომარეა.
შრი-ლანკის პრეზიდენტმა, გოტაბაია რაჯაპაქსა თანამდებობა 13 ივლისს – ხალხის ზეწოლის ფონზე დატოვა.
ქვეყანაში უმძიმესი ეკონომიკური კრიზისის ფონზე, 9 ივლისს ქვეყნის დედაქალაქი საპროტესტო აქციებმა მოიცვა, რომელშიც ათიათასობით ადამიანი მონაწილეობდა. აქციის მონაწილეებმა პოლიციის კორდონი გაარღვიეს და პრეზიდენტის სასახლე დაიკავეს.
უსაფრთხოების ძალებმა პრეზიდენტის, გოტაბაია რაჯაპაქსას ევაკუირება შეძლეს.
არეულობის დროს, სულ მცირე, 100 ადამიანი დაშავდა, მათ შორის – პოლიციელები და ჟურნალისტები.
ქვეყნის პარტიების ლიდერებმა საგანგებო სხდომის დროს პრეზიდენტს და პრემიერმინისტრს გადადგომისკენ მოუწოდეს; ასევე, მათი განცხადებით, ქვეყნის დროებით პრეზიდენტად პარლამენტის თავმჯდომარე უნდა იყოს დანიშნული; 30 დღის განმავლობაში უნდა მოხდეს პარლამენტის წევრებიდან მთავრობის მეთაურის არჩევა; უნდა დაინიშნოს დროებითი მრავალპარტიული მთავრობა და უახლოეს დროში – ვადამდელი არჩევნები.
მოგვიანებით, პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ პრეზიდენტი 13 ივლისს გადადგება, ხოლო პრემიერმინისტრი, რანილ ვიკრემესინგე მხოლოდ ახალი მთავრობის ფორმირების შემდეგ დატოვებს პოსტს.
შრი-ლანკა, 1948 წლის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ყველაზე მძიმე ეკონომიკურ კრიზისს განიცდის.
ტურიზმის სექტორი პანდემიამ დააზარალა, რის გამოც ქვეყანას საკმარისი საწვავის შეძენა არ შეუძლია.
გარდა ამისა, ქვეყანაში საკვების, პირველადი მოხმარების ნივთების, მედიკამენტებისა და გაზის დეფიციტია.
შრი-ლანკის ბევრ რაიონს, საწვავის დეფიციტის გამო, ელექტროენერგია შეფერხებით მიეწოდება.
ამავდროულად, ქვეყნის საგარეო ვალი 51 მილიარდ დოლარს შეადგენს.