“დიდი მადლობა, რომ საქართველოს ნაწილად გვაქციეთ, საქართველო ყოველთვის იქნება ჩვენი ნაწილი” – კარლ ჰარცელი და მისი მეუღლე გამოსამშვიდობებელ ვიდეომიმართვას ავრცელებენ

საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი საქართველოში ოთხწლიან დიპლომატიურ მისიას ასრულებს, რასთან დაკავშირებითაც ის, თავის მეუღლე მეტე ჰარცელთან ერთად, საქართველოს მოქალაქეებისადმი გამოსამშვიდობებელ ვიდეომიმართვას ავრცელებს.

„დადგა დრო, როდესაც ოთხი დაუვიწყარი წლის შემდეგ საქართველო უნდა დავტოვოთ. ჩვენ ძალიან მადლიერნი ვართ ამ ქვეყანაში გატარებული წლებისთვის. არაჩვეულებრივი იყო ის სითბო და სიკეთე, რომელიც ჩვენ საქართველოს მოქალაქეების, იმ ადამიანების მხრიდან ვიგრძენით, რომლებსაც თბილისსა და საქართველოს სხვა კუთხეებში ვხვდებოდით. ძალიან დიდი მადლობა საქართველო, ყველაფრისთვის“, – აცხადებს მეტე ჰარცელი ვიდეომიმართვაში.

ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი ასევე მადლობას უხდის საქართველოს მოქალაქეებს. მისი თქმით, საქართველო უნიკალური ქვეყანაა.

როგორც ევროკავშირის ელჩი აღნიშნავს, გასულ თვეს ევროკავშირმა დაადასტურა, რომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა აქვს და რომ საქართველო ევროპული ერების ოჯახის წევრია.

„დიდი მადლობა იმისათვის, რომ საქართველოს ნაწილად გვაქციეთ, იმიტომ, რომ საქართველო ყოველთვის იქნება ჩვენი ნაწილი. საქართველო საოცარი, უნიკალური ქვეყანაა. თქვენ წინაპრების მხრებზე დგახართ, იმ ბუმბერაზების, რომლებმაც იბრძოლეს ამ ქვეყნისთვის, ტრადიციებისთვის, კულტურისთვის, ენისა და მემკვიდრეობისთვის.

​თქვენ ალბათ იცოდით, რომ საქართველო ევროპული ქვეყანა იყო, ვიცოდი მეც და იცოდა საქართველოს ბევრმა მეგობარმაც, თუმცა არ შეიძლება, არ დავაფასოთ ის, რომ ევროკავშირმა საქართველო პოტენციურ მომავალ წევრად ოფიციალურად აღიარა. მიუხედავად იმისა, რომ წინ არაერთი ბრძოლაა, ჩვენთვის საამაყოა, რომ ვართ ამ ისტორიული მომენტის მომსწრენი და გვჯერა, რომ ამ მომენტით შექმნილ შესაძლებლობებს საქართველო წარმატებით გამოიყენებს. არა მხოლოდ იმიტომ, რომ ისტორიის განმავლობაში არაერთხელ დაამტკიცეთ, რომ უკან დახევას არ ეგუებით, არამედ იმიტომაც, რომ საქართველო ევროპულ საფუძველს ეყრდნობა. საქართველოც იღებდა მონაწილეობას იმ ღირებულებების ჩამოყალიბებაში, რასაც დღეს ევროპულ ღირებულებებს უწოდებენ და ამიტომ, გაქვთ შესაძლებლობა, წვლილი შეიტანოთ ევროპის გაძლიერებაში. თქვენი ენერგია და სულისკვეთება აღმაფრთოვანებელია. და როდესაც დადგება ის დღე, როდესაც მთელი ეს ენერგია ერთი მიზნისკენ იქნება მიმართული, თქვენ ვერავინ და ვერაფერი შეგაჩერებთ. მომავალ შეხვედრამდე“, – აღნიშნავს კარლ ჰარცელი ვიდეომიმართვაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები