რომან გოცირიძე რუსებმა „მოკლეს“
პირველ აგვისტოს მომკლეს თურმე აფხაზეთში“, – ასე ეხმაურება ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში რომან გოცირიძე გამომცემლობა „ВЕСТНИК КАВКАЗА“-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიას. რუსული მედიასაშუალება აფხაზეთში ავტოკატასტროფის შედეგად ,,აფხაზეთის რესპუბლიკის“ ეროვნული ბანკის თავმჯდომარის ილარიონ არღუნის დაღუპვის ფაქტის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. თუმცა, სტატიას ილარიონ არღუნის ნაცვლად, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის რომან გოცირიძის ფოტო აქვს დართული.
აღსანიშნავია, რომ სტატია, რომელიც გამომცემლობა „ВЕСТНИК КАВКАЗА“- მა 1 აგვისტოს გამოაქვეყნა, დღემდე 3702 -მა ადამიანმა ნახა.
„ამ რუსული გაზეთის ცნობით, პირველ აგვისტოს მომკლეს თურმე აფხაზეთში. სხვანაირად არ აუხდეთ ეს შეცდომა და, მართლაც, არ მოვევლინო მათ აფხაზეთის ეროვნული ბანკის პრეზიდენტად. გულწრფელად გეტყვით, სხვა სახელმწიფო თანამდებობა არ მინდა. მხოლოდ ამის გამო დავთმობდი თავისუფლებას! დამნიშნეს პრეზიდენტად და მერე მომიცილეს რუსებმა. ასე მუშაობენ რუსები. ასე ვერ მოიგებენ ომსა უკრაინაში“, – განუცხადა „კვირას“ რომან გოცირიძემ. შეგახსენებთ, რომ 1 აგვისტოს ავტოკატასტროფის შედეგად ,,აფხაზეთის რესპუბლიკის“ ეროვნული ბანკის თავმჯდომარე ილარიონ არღუნი გარდაიცვალა. მიღებული ტრავმებით ასევე დაიღუპნენ დაცვის თანამშრომელი და მძღოლი. თვითმხილველთა თქმით, ავტომატურად ჩაიკეტა დაჯავშნული ავტომანქანის კარები, რის შედეგადაც მგზავრებმა ვერ მოახერხეს ცეცხლმოკიდებული მანქანიდან გადმოსვლა. შემთხვევის ადგილზე მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები, მიმდინარეობს გამოძიება.
შეგახსენებთ, რომ ილარიონ არღუნი 2005 წელს სათავეში ჩაუდგა ,,აფხაზეთის რესპუბლიკის“ ეროვნულ ბანკს. მანამდე ის,,გაგრა ბანკს“ ხელმძღვანელობდა. 2009 წელს არღუნზე განხორციელდა თავდასხმა, მისი ავტომობილი დაცხრილეს, თუმცა ამ ინციდენტის დროს არავინ დაშავებულა.