ანრი ოხანაშვილი: გამოძიება უნდა დაიწყოს ყველაფერზე, რასაც პროკურატურა საჭიროდ მიიჩნევს

მეც და ჩემი კოლეგებიც მზად ვართ, გამოძიებასთან ვითანამშრომლოთ. გამოძიება უნდა დაიწყოს ყველაფერზე, რასაც პროკურატურა საჭიროდ მიიჩნევს, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა მასაა და “ტვ პირველის“ დამფუძნებელ ვატო წერეთელს შორის აშშ-ის საელჩოში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ის ყველა სამართლებრივ ნიუანსზე საგამოძიებო ორგანოსთან ისაუბრებს.

„მე ჩვენს ამერიკელ მეგობრებსა და პარტნიორებთან არაერთი კომუნიკაცია მქონდა, მათ შორის, ამ საკითხთან დაკავშირებით. ჩემი პოზიცია საჯაროა, რომ ადგილი ჰქონდა უბინძურეს პროვოკაციას უმძიმესი შეურაცხყოფით, რომელიც სავარაუდოდ დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. ყველაფერი ასახულია კამერებზე, ყველაფერი დაინახა იქ მყოფმა ხალხმა. ტყუილების კასკადია, რაც ამ ადამიანმა იკადრა, რომ თითქოს ის ჩემთან არ მოსულა, თითქოს, მანამდე ხელი ჩამომართვა და მომიკითხა, თითქოს, მივედი და ფიზიკურად გავუსწორდი. იმედი მაქვს, ყველაფერი გასაჯაროვდება და დღის შუქზე გამოვა.

ყველა სამართლებრივ ნიუანსზე საგამოძიებო ორგანოსთან ვისაუბრებ, ამ ადამიანის მხრიდან უბინძურესი პროვოკაცია განხორციელდა, რაც სავარაუდოდ დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მასზე შესაბამისი რეაგირება უნდა მოხდეს.

ჩემი ქმედება სრულად ჯდება იმ სამართლებრივ ჩარჩოში, რომელიც ნებადართული იყო, რომ პროპორციულად განხორციელებულიყო – ყველა ნაბიჯი, ყველა ჩემი ქმედება იმ სამართლებრივ ჩარჩოშია, რომელიც ლეგიტიმურად მე, როგორ სახელმწიფო პოლიტიკურ თანამდებობის პირს, მქონდა. მქონდა თმენის ვალდებულება იქამდე, სადამდეც თმენის ვალდებულება იმ ზღვარს გადავიდა, რასაც დანაშაულის ნიშნები და კონკრეტული საფრთხე ჰქვია.
ყველაფერი ასახულია კამერებზე და ყველაფერი დანახულია არაერთი პირის მიერ“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ცნობისთვის, „ტვ პირველის“ დამფუძნებელი, ვატო წერეთელი, აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები