„ის, რაც ჩემშია“ – ქრისტინე ტუსიაშვილის პერსონალური გამოფენა გაიხსნება

19 ივლისს, 18:00-21:00 საათზე,  გალერეა „ნოვოში“ ქრისტინე ტუსიაშვილის პერსონალური გამოფენა   – „ის, რაც ჩემშია“ გაიხსნება.
ორგანიზატორების ინფორმაციით,  ქრისტინე ტუსიაშვილის გამოფენა – „ის რაც ჩემშია“… აერთიანებს ქრისტინე ტუსიაშვილის ბოლო წლებში შექმნილ ფოტო და ვიდეონამუშევრებს.
„ვინ არის ადამიანი? საით არის მისი ცნობიერი მიმართული? რა სურს მას ამ უკიდეგანო სამყაროში? ყველა ამ კითხვას საკუთარი მოპასუხე ჰყავს და ყველა პასუხი სწორია, რადგან თავად ადამიანშია მთელი სამყარო.
იმისათვის, რომ შეიგრძნო და შეიმეცნო ის, რაც შენშია, უნდა დარჩე ის ვინც ხარ, არ დაკარგო შენი საწყისები… შენ ხარ მთელის ერთი შემადგენელი ნაწილი და შენ თავად ხარ მთელი… შენ ამბობ და შენგან იღვრება ის რაც შენშია… არ გაჩუმდე! არ გაჩერდე, იცოცხლე!
შენშია სამყარო და თვითონ შენ ხარ მთელი სამყარო, რადგან შენ ადამიანი გქვია“!
ცნობისათვის: გერმანიაში მოღვაწე ქართველი ხელოვანი ერთდროულად როგორც ქართული, ასევე დასავლური კულტურების მემკვიდრეა. ეს გამოცდილება ხელოვანის შემოქმედებაში საინტერესოდ ისახება. ქრისტინე ტუსიაშვილის სამყარო ფერადია. ემპათიით სავსე ხედვა უსამართლობასა და ირონიასაც ცხადად არჩევს. შეიძლება ითქვას, რომ ავტორი ღრმად გვახედებს ადამიანური ყოფის ინტიმურ ასპექტებში. მისთვის მთავარ შინაარსს წარმოადგენს ემოციური გარემოსა და საგნების გარემოცვაში მოქცეული ადამიანი, ქალი, რომელიც მუდმივად ზღვარზეა. ავტორი გამოხატავს ისეთ თემებს, როგორიცაა: ქალი და საზოგადოება, სხეული და სექსუალობა, სიცოცხლე და ქვეცნობიერი. ის მნახველს კითხვებს უჩენს, თუმცა აიმედებს, ფიქრისა და ქმედებისკენ უბიძგებს.
ქრისტინე ტუსიაშვილი (დაბ. 1982, თბილისი) ცხოვრობს და მუშაობს გერმანიაში. 2000-2006 წლებში სწავლობდა ხელოვნების თეორიას და ისტორიას თბილისის სამხატვრო აკადემიაში. 2008 წელს გერმანიაში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც 2009-2014 წლებში სწავლობდა პროფესორ თომას გრუნფელდთან. დაამთავრა ესენის სამხატვრო აკადემიის ფოტოგრაფიისა და მედიის ფაკულტეტი (იყო კრისტიან ჰანცშის სტუდენტი).
ძირითადად, მუშაობს ვიდეოინსტალაციებზე, პერფორმანსებზე, ფოტოგრაფიაზე. მონაწილეობა მიიღო არაერთ ჯგუფურ და სოლო გამოფენაში გერმანიაში, ინგლისში, პოლონეთში, საქართველოსა და სხვა ქვეყნებში.
გამოფენა 19 ივლისიდან 11 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

მისამართი: ს. ჯანაშიას ქ. №13, თბილისი.
გალერეა ღიაა დამთვალიერებლებისთვის, სამშაბათიდან კვირის ჩათვლით, 12:00-19:00 სთ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები