გივი მიქანაძე: ოპოზიციის დესტრუქციული ნაწილი ცდილობს, 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების პროცესი რამენაირად დააზიანოს

“ოპოზიციის დესტრუქციული ნაწილი ცდილობს, რომ ეს მიმდინარე პროცესი, რომელიც დეტალურად არის გაწერილი, რამენაირად დააზიანოს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ ევროკომისიის რეკომენდაციების 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების თაობაზე „ქრონიკასთან“ საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, მმართველი გუნდის მიერ გაწერილ გეგმას საერთაშორისო პარტნიორებშიც მაღალი შეფასება მოჰყვა.

„მოგეხსენებათ, რომ ირაკლი კობახიძემ წარადგინა რამდენიმე კვირის წინ დეტალური გეგმა, თუ როგორ ხედავს მმართველი გუნდი 12-პუნქტიანი გეგმის განხორციელებას და რას ვთავაზობთ ჩვენ საზოგადოებას. ამ გეგმის მიხედვით არის გაწერილი დეტალურად, თუ რომელიმე კომიტეტის პასუხისმგებლობით, რა სამუშაო ჯგუფები იქმნება, რა პროცესი უნდა განხორციელდეს იმისთვის, რომ პოზიციები შეჯერდეს, მომზადდეს შეჯერებული პოზიციები შესაბამისი არგუმენტაციებით და წარდგენილ იყოს საშემოდგომო სესიაზე. გაიწერა კონკრეტული ვადებიც. ამას არა მარტო ადგილობრივ დონეზე, არამედ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებშიც ძალიან მაღალი შეფასება მიეცა. როდესაც საკითხი არ არის მზად, როდესაც პოზიციები არ ყოფილა განხილული, როგორ შეიძლება ვისაუბროთ რიგგარეშე სხდომის ჩატარებაზე, რომელიც ოპოზიციის იმ ნაწილისთვის, რომელმაც ის მოითხოვა, არის მხოლოდ მოცემულობა იმისა, რომ გარკვეული შოუ დადგან. ამ პროცესის განხორციელება პოლარიზაციას კიდევ უფრო გააღრმავებდა, და ესეც იყო ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ დღევანდელი სხდომის ჩატარების საფუძველს ჩვენ ვერ ვხედავთ. ოპოზიციის დესტრუქციული ნაწილი ცდილობს, რომ ეს მიმდინარე პროცესი, რომელიც დეტალურად არის გაწერილი, რამენაირად დააზიანოს. თავიდანვე ეს იყო სპეციალურად ორგანიზებული იმისთვის, რომ საზოგადოების და პარტნიორების თვალში წარმოეჩინათ, რომ თითქოსდა „ქართული ოცნება“ არ არის მოწოდებული იმისთვის, რომ ეს პროცესი განხორციელდეს“, – განაცხადა მიქანაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები