რას ურჩევს ფსიქოლოგი დედას, რომლის შვილსაც ძიძა ზრდის?

   სამსახურებრივი საქმიანობის გამო დაკავებული მშობლები შვილის ძიძისთვის მიბარების გადაწყვეტილებას რთულად იღებენ. როგორც მშობლები ამბობენ, მათ სანდო ადამიანის მოძებნა უჭირთ და მუდმივად შიშობენ, რომ ძიძა აღსაზრდელს არასათანადოდ მოექცევა. ამასთან, დედები მიიჩნევენ, რომ ძიძის მიერ ბავშვის გაზრდა მათ შვილებზე უარყოფითად აისახება. ბავშვთა ფსიქოლოგი მანანა მელიქიშვილი დედებს ურჩევს, 2 წლამდე ასაკში შვილები თავად გაზარდონ, რადგან ბავშვი მრავლობითი მიჯაჭვულობიდან პრიორიტეტს ერთ ადამიანს ანიჭებს და ეს დედაა. თუმცა, ფსიქოლოგის თქმით, თუ მშობლები შვილისთვის ადეკვატურ ძიძას შეარჩევენ და ამის პარალელურად ბავშვთან თავადაც სიახლოვეს, სითბოს და ზრუნვას გამოიჩენენ, სანერვიულო ბევრი აღარაფერია.
ფსიქოლოგი მიიჩნევს, რომ შვილის გასაზრდელად დამხმარე პირის დაქირავება ცუდი არ არის, თუმცა, თუ შესაძლებლობა არსებობს, სასურველია, აღმზრდელი დედა იყოს.
როგორც მანანა მელიქიშვილმა „კვირასთან“ საუბრისას აღნიშნა, არასათანადო მზრუნველობა შესაძლოა, არა მარტო ძიძამ, არამედ დედამაც გამოიჩინოს, ამიტომ მთავარი მაინც ბავშვთან სწორი დამოკიდებულების დამყარებაა.
„თუ ბავშვს ძიძა ზრდის, ამაში ცუდი არაფერია, რადგან მას მრავლობითი მიჯაჭვულობის ფორმირების უნარი აქვს, ძალიან ბევრ ადამიანთან პოზიტიური დამოკიდებულება უყალიბდება, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ მშობელს ბავშვთან თბილი დამოკიდებულება ჰქონდეს, ყურადღებიანი და მზრუნველი იყოს.
თუ დედა მიდის სამსახურში, ბავშვს საერთოდ ვერ ხედავს და მასზე არ მზრუნველობს, ამ შემთხვევაში უარყოფით შედეგებს მივიღებთ. როდესაც მშობელი ბავშვისთვის დროს გამონახავს და ძიძაც და დედაც კარგად ექცევიან, პრობლემაც აღარ შეიქმნება, მაგრამ სასურველია 2 წლის ასაკამდე შვილი მაინც დედამ გაზარდოს.
ბავშვს აქვს მრავლობითი მიჯაჭვულობის უნარი. მრავალ მიჯაჭვულობას შორის პრიორიტეტს ერთ ადამიანს ანიჭებს და ეს არის დედა. ზოგადად, სასურველია, დედა ზრუნავდეს ბავშვზე. შესაძლოა, ბავშვს არაფერი არ უჭირს, კარგად თამაშობს ძიძასთან, მეგობართან, მეზობელთან, ბებიასთან, ბაბუასთან, მაგრამ, როგორც კი პრობლემა შეექმნება, რაღაც ასტკივდება, მას დაცულობის გრძნობა უნდა ჰქონდეს დედისგან, ადამიანისგან, რომლის იმედიც აქვს. სასურველია მასზე დედა ზრუნავდეს, და თუ ეს ასე არ არის, მაშინ ის უნდა იყოს მზრუნველი და ყურადღებიანი.
პრობლემა იქმნება მაშინ, როდესაც არის არაადეკვატური ზრუნვა. ეს შეიძლება განახორციელოს როგორც ძიძამ, ასევე დედამ. დედის გვერდში ყოფნა არ ნიშნავს, რომ საქმე კარგად არის. მნიშვნელოვანია, როგორ პასუხობს ის ბავშვისგან წამოსულ იმპულსებს და საჭიროებებს – ადეკვატურად თუ არაადეკვატურად, დროულად თუ არადროულად.
თუ ბავშვი ტირის და დედა ან ძიძა არ აქცევს ყურადღებას, სანამ არ გადაფიჩინდება, ეს იმას ნიშნავს, რომ გარემოსთან არასანდო ურთიერთობა უყალიბდება. ბავშვი ამბობს – მე მიჭირს და ყურადღებას არ მაქცევენ. ე.ი. ამათი ნდობა არ შეიძლება. გაიზრდება და ეჭვიანი იქნება. ამას დედა გააკეთებს, თუ ძიძას პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს. თუ ორივე მხარე იჩენს ყურადღებას, საქმე ძალიან კარგად იქნება“ , – აღნიშნა მანანა მელიქიშვილმა.
ფსიქოლოგი მშობლებს ურჩევს, შეარჩიონ ძიძა, რომელმაც იცის ბავშვის ფსიქოლოგია. ამასთან, მელიქიშვილი აღნიშნავს, რომ ბავშვს დედის და ძიძის აღქმა არ უჭირს და ჩვილი დედას დაბადებისთანავე ცნობს. მისივე თქმით, მზრუნველობა და სითბო ზედმეტი არ არის, პირიქით, თუ ბავშვი არ გრძნობს ყურადღებას, მას შესაძლოა, არასანდო მიჯაჭვულობა ჩამოუყალიბდეს. როგორც ფსიქოლოგმა განმარტა, არც დედამ და არც დამხმარე პირმა აღსაზრდელის მიმართ ჰიპერმზრუნველობა არ უნდა გამოიჩინონ.
„ზედმეტი სითბო ცუდი არ არის. ბავშვს მხოლოდ ჰიპერმზრუნველობა აფუჭებს. თუ მის მაგივრად პრობლემებს წყვეტთ, არ აძლევთ დამოუკიდებლობის საშუალებას, ეს უარყოფითად აისახება. მიჯაჭვულობა კი კარგი არ არის. ამას ჰქვია არასანდო მიჯაჭვულობა, როდესაც ბავშვი არ ენდობა და არ იცის, როდის მოვა მის სტიმულზე დედა ან ძიძა. თუ ბავშვი დედაზეა მიჯაჭვული, მას აქვს შიში, რომ დედა წავა. მან არ იცის, დედა რას იზამს – ხან მოდის, ხან არ მოდის, ამიტომ ხდება მიჯაჭვული. იგივე შეიძლება მოხდეს ძიძის შემთხვევაშიც“, – ამბობს მანანა მელიქიშვილი.

10589968_916331955061488_1025948219_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები