ფრაქცია „ქართული ოცნება” რიგგარეშე სესიაში მონაწილეობას არ მიიღებს
„18 ივლისიდან მოწვეულ ე.წ. რიგგარეშე სესიასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ არ ვაპირებთ რადიკალური ოპოზიციის მიერ დაგეგმილ პარალელურ, მოგონილ, საბოტაჟურ და შედეგთან მიმართებით უპერსპექტივო პროცესში მონაწილეობას, ამიტომ, ჩვენი ფრაქციის 81 წევრიდან რიგგარეშე სესიაში მონაწილეობას არავინ მიიღებს” – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გივი მიქანაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.
მის თქმით, ფრაქციამ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს წერილით მიმართა, სადაც ნათქვამია, რომ ფრაქცია „ქართული ოცნება” იმ პროცესში, რომლის მიზანია არა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია, არა ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულება, არამედ – პოლარიზაციის გაღრმავება და ხსენებული რეკომენდაციების საბოტაჟი, მონაწილეობას არ მიიღებს.
„გარდა ამისა, მათი წარმოდგენილი ე.წ „დღის წესრიგი” არ შეესაბამება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მოთხოვნებს, რადგან მათი დამუშავება, განხილვა და შეჯერება არ მომხდარა პოლიტიკური სუბიექტების მიერ საკომიტეტო მოსმენებზე. მათგან მხოლოდ ერთი საკითხია პირველი მოსმენით მიღებული, თუმცა ეს საკითხიც არ არის მეორე მოსმენით განხილული საკომიტეტო სხდომაზე. ის საერთოდ არ შედის ევროკომისიის 12 რეკომენდაციაში და ჩვენი ფრაქცია მიმდინარე წელს საერთოდ არ გეგმავს საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვას, რასთან დაკავშირებითაც ჩვენი პოზიცია გაცხადებული და ცნობილია.
ჩვენ უკვე აქტიურად დავიწყეთ, პარტია „ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ გახმოვანებული გეგმის მიხედვით მუშაობა.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს საკითხის განხილვამ 2023 წლისათვის გადაიწია, ამ გეგმაში ცვლილებები არ შევა და როგორც სამუშაო ჯგუფებში, სადაც ჩვენი გუნდის წევრების გარდა, ოპოზიციის ნაწილიც იღებს მონაწილეობას, ასევე საკომიტეტო მოსმენების ფორმატში, მოხდება შესაბამისი კანონპროექტების დამუშავება, დაინიცირება და საკომიტეტო განხილვები, რის შემდეგაც მათ განიხილავს საქართველოს პარლამენტი საშემოდგომო სესიაზე.
აღნიშნული პროცესი, ჩვენ მიერ გაცხადებული ვადების შესაბამისად, 2022 წლის დეკემბრამდე ბოლომდე იქნება მიყვანილი. მათ შორის, რიგგარეშე სესიის დღის წესრიგში შეტანილი სხვა საკითხებიდან, რომელიც შეეხება სასამართლოს და ანტიკორუფციულ სამსახურს, ორივე მათგანთან დაკავშირებით არსებული სამუშაო ჯგუფების ფარგლებში და დადგენილ ვადებში მოხდება კანონპროექტების მომზადება, დაინიცირება და მიღება.
ამასთანავე, მოვუწოდებთ რადიკალური ოპოზიციის თითოეულ წარმომადგენელს, პარალელური პროცესების გამოგონებით ნუ გაამართლებენ და ნუ გამოეთიშებიან კომისიის რეკომენდაციების შესრულების პროცესს. მიიღონ მონაწილეობა მიმდინარე საპარლამენტო – სამუშაო ჯგუფების და საკომიტეტო საქმიანობაში, რაც, სხვათა შორის, მათი კონსტიტუციური ვალდებულებაცაა”, – განაცხადა გივი მიქანაძემ.