„წმინდა ფიროსმანი“ – ტაკეჰიდე ჰარადას ნამუშევართა გამოფენას ქვიშხეთი, დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმი უმასპინძლებს
15 ივლისს, 14 საათზე, დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმში იაპონელი მხატვრის, ტაკეჰიდე ჰარადას ნამუშევართა გამოფენა გაიხსნება. ინფორმაციას დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმი ავრცელებს.
„1978 წელს ტაკეჰიდე ჰარადა ჩართული იყო გიორგი შენგელაიას ფილმის „ფიროსმანის“ იაპონურ პრემიერაში. 24 წლისა იგი ისე მოიხიბლა ამ ფილმით და იმდენად დაინტერესდა მხატვრის ცხოვრებითა და შემოქმედებით, რომ მას შემდეგ ფიროსმანი არასოდეს გამქრალა მისი ხსოვნიდან, მისი გულიდან და მისი შემოქმედებიდან.
გამომდინარე იქიდან, რომ 2022 წ. იაპონიასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების სამ ათეულ წელს ითვლის,საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით იაპონიის საელჩო სხვადასხვა ღონისძიებები ჩატარებას გეგმავს მთელი წლის განმავლობაში. პირველი ასეთი ღონისძიება გაიხსნა 25 იანვარს თბილისში ნიკო ფიროსმანის სახელმწიფო მუზეუმში. ეს იყო გამოფენა „წმინდა ფირომსანი“, რომელზედაც წარმოდგენილი იყო ფიროსმანის იაპონელი მკვლევრის ჰარადა ტაკეჰიდეს ნამუშევრების ასლები. ამ გამოფენას შარშან რამდენიმე თვე უმასპინძლა საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა (სიღნაღის მუზეუმი), სადაც დიდი წარმატება მოიპოვა, რის შემდეგაც გადაწყდა ამ გამოფენის „მოგზაურობა“ რეგიონებში მთელი წლის განმავლობაში, რათა უფრო მეტმა ხალმა შეიგრძნოს იაპონელი მხატვრის მიერ დანახული ფიროსმანი.
თბილისის შემდეგ, გამოფენამ „წმინდა ფიროსმანი“ „იმოგზაურა“ ქუთაისში, სადაც მან ერთი თვის განმავლობაში 12.04-9.05 ბინა დაიდო დავით კაკაბაძის სახელობის ქუთაისის სახვითი ხელოვნების გალერეაში.
ქუთაისის შემდეგ გამოფენა „წმინდა ფიროსმანი“ გადავიდა ზუგდიდში, სადაც გამოფენილი იყო დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტორულ მუზეუმში – 2 ივნისიდან 2 ივლისამდე.
შემდეგი დანიშნულების პუნქტი კი ქვიშხეთია. ამჯერად „წმინდა ფიროსმანს“ უმასპინძლებს დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმი. ამავე დღეს, 15:00 საათზე ჩატარდება თსუ-ს იაპონური ენის ლექტორის ქალბატონი თათია მემარნიშვილის ლექცია იაპონური ლიტერატურის შესახებ.
გამოფენა „წმინდა ფიროსმანი“ ქვიშხეთში 15 აგვისტომდე დარჩება!
ჩვენი მეგობრობის ხიდი ხელოვნების სასახლე-#გიორგიკალანდიაა. დიდი მადლობა მას“! – აღნიშნულია ინფორმაციაში