მიხეილ სარჯველაძე: ევროპაშიც კარგად ესმით, რომ ოპოზიციის მაგიდასთან ყოფნა მხოლოდ ჩვენზე არაა დამოკიდებული
“პოლარიზაციის ხარისხის შემცირება უმნიშვნელოვანესი იქნება, ეს ცალკე პუნქტის სახითაც არის გამოყოფილი და მნიშვნელოვანია ყველა მონაწილის მხრიდან პასუხისმგებლობის კარგად გათავისება, თუ რასთან აქვთ საქმე”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ევროკომისიის რეკომენდაციების 12 პუნქტის შესრულებაზე მმართველი გუნდი მუშაობას სრული სერიოზულობით გეგმავს.
“რაც შეეხება სასამართლო რეფორმას და ნებისმიერ სხვა საკითხს, რომელიც ამ 12 პუნქტის სახით გამოიკვეთა, ხელისუფლება ამაზე სრული სერიოზულობით გეგმავს მუშაობას. ვფიქრობ, რომ ეს შეუმჩნეველი არავისთვის დარჩება და იმედი მაქვს, რომ ეს იქნება წარმატებული. რაც უფრო მეტად იქნება შემოერთებული ოპოზიცია ამაში, ეს მხოლოდ და მხოლოდ პოზიტიურად წარმოაჩენს თვითონ პროცესს, მაგრამ ევროპაშიც კარგად ესმით, რომ ოპოზიციის მაგიდასთან ყოფნა-არყოფნა მხოლოდ ჩვენზე არაა დამოკიდებული”, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.