ჯანდაცვის მინისტრი – ეპიდვითარებაზე: შეზღუდვების შემოტანის საფუძველი დღეს არ არის და დარწმუნებული ვარ, არც იქნება
ეპიდვითარების თვალსაზრისით საკმაოდ მშვიდი სიტუაცია გვაქვს, არის ინფიცირების შემთხვევები, თუმცა, სრულად მართვადია, მინიმალურ ზღვარზეა. თუ შევადარებთ აბსოლუტურ ციფრებში, მაგალითად, ერთი კვირის წინ საშუალო დღიური შემთხვევები თუ გვქონდა 100, დღეს გვაქვს 500, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, პანიკის საფუძველი არ არსებობს და, შესაბამისად, არც რაიმე სახის შეზღუდვების დაწესების საჭიროება არ დგას.
“როგორც ჯერ კიდევ იანვარში ვამბობდი და მაშინ ბევრს გაუკვირდა, რომ ეს გადაიქცეოდა ჩვეულებრივ ენდემურ ვირუსად, რომელიც პერიოდულად შეგვახსენებდა თავს, იგივე მიმდინარეობა აქვს და იმავეს ადასტურებენ ინფექციონისტებიც, არ არის არაფერი საშიში და საპანიკო. ინფიცირების შემთხვევაში, შეგვიძლია, მშვიდად გადავიტანოთ, ვიმკურნალოთ. რამე შეზღუდვების, ჩაკეტვის თუ სხვადასხვა აკრძალვების შემოტანის საფუძველი დღეს არ არის და დარწმუნებული ვარ, არც იქნება”, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.