საქართველოს დელეგაციამ გაერო-ს ადამიანის უფლებათა კომიტეტში საერთაშორისო პაქტის შესრულების თაობაზე ანგარიში წარადგინა
საქართველოს დელეგაციამ, იუსტიციის მინისტრის მოადგილის, ბექა ძამაშვილის ხელმძღვანელობით, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა კომიტეტში „სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა შესახებ“ საერთაშორისო პაქტის შესრულების თაობაზე საქართველოს მე-5 პერიოდული ანგარიში წარადგინა , – ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ქართულმა მხარემ გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა წინა პერიოდული ანგარიშის მოსმენის შემდეგ – 2014 წლიდან დღემდე სახელმწიფოს მიერ განხორციელებული საკანონმდებლო და ინსტიტუციური რეფორმების შესახებ, რომლებიც მიზნად ისახავს საქართველოში ადამიანის უფლებების ეფექტიან უზრუნველყოფასა და საერთაშორისო ვალდებულებების ჯეროვან შესრულებას.
„საქართველოს დელეგაციამ კომიტეტის სხდომაზე ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებულ გამოწვევებზე. კომიტეტის წევრებს მიეწოდათ დეტალური ინფორმაცია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ გამოტანილ ისტორიულ გადაწყვეტილებებზე, რითაც უკვე სამართლებრივ ჭრილში დადასტურდა რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის ფაქტი და 2008 წლის ომის დროს ჩადენილ დარღვევებზე პასუხისმგებლობა.
ქართულმა მხარემ, ასევე, კომიტეტის წევრებს მიაწოდა ინფორმაცია სასამართლო სისტემის რეფორმაზე; პენიტენციური სისტემისა და სამართალდამცავი უწყებების გაძლიერების მიზნით გადადგმულ ნაბიჯებზე; ანტიკორუფციულ ღონისძიებებზე; გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების უზრუნველყოფაზე; საარჩევნო რეფორმაზე; ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის აღსრულებაზე; ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრისა და ბავშვთა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებათა დაცვის უზრუნველსაყოფად საქართველოს მიერ გატარებულ რეფორმებზე.
განხილვის ფარგლებში საქართველოს დელეგაციამ, ასევე, უპასუხა გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის წევრების შეკითხვებს ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით საქართველოში არსებულ აქტუალურ საკითხებზე. საგულისხმოა, რომ გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტმა დადებითად შეაფასა საქართველოს მიერ გაეროს მონიტორინგის ორგანოების რეკომენდაციების შესრულების უზრუნველსაყოფად ქვეყანაში დანერგილი მექანიზმები. განხილვის შემდეგ საქართველოს დელეგაციას წერილობით მიეწოდება კომიტეტის რეკომენდაციები, რომლის შესრულების ანგარიშიც 2024 წელს გაიგზავნება“, – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.