გორის მერიის სოციალური პროგრამით წელს 2700-ზე მეტმა ბენეფიციარმა ისარგებლა

გორის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური პროგრამით მიმდინარე წელს 2700-ზე მეტმა ბენეფიციარმა ისარგებლა, – ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ბენეფიციარების დასახმარებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 205 000 ლარი გაიხარჯა.

“მერიის სოციალური პროგრამა მოქალაქეებისთვის ითვალისწინებს როგორც ჯანდაცვის სერვისების დაფინანსებას, ასევე, ერთჯერად სოციალურ დახმარებებს გარკვეული კატეგორიის ადამიანებისთვის.

პროგრამის ფარგლებში, ჯანდაცვის სერვისები უფინანსდებათ ონკოლოგიურ პაციენტებს, 0-დან 150 000 სოციალური სარეიტინგო ქულის მქონე სოციალურად დაუცველებს, ზოგიერთი დაავადების მქონე პაციენტებს (პარკინსონი, ეპილეფსია, თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მოშლა, შაქრიანი დიაბეტის მე-2 ტიპი, ბრონქიალური ასთმა, ფარისებრი ჯირკვალი, გლაუკომა, დიალიზზე მყოფი, C ჰეპატიტი, ცერებრალური დამბლა, აუტიზმი, დაუნის სინდრომი, იქთიოზი, ჰიდროცეფალია, გლუტენის დაავადება, ოჯახური ხმელთაშუა ზღვის ცხელება, არომატული ამინომჟავების მეტაბოლიზმის დარღვევები).

პროგრამის ფარგლებში სოციალური დახმარებები განკუთვნილია:

– მხედველობის მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (უსინათლო) და სმენადაქვეითებული (ყრუ-მუნჯობა) პირებისთვის;

– ასი და მეტი წლის უხუცესებისთვის;

– დედ-მამით ობოლი ბავშვების და მშობლის (მშობლების) უფლებაშეზღუდული შვილებისთვის;

– მრავალშვილიანი ოჯახებისთვის;

– სპორტსმენების და სტუდენტებისთვის;

– ხანძრებისა და სტიქიური მოვლენებით დაზარალებულთათვის;

– უპატრონო მიცვალებულების დაკრძალვისთვის;

– საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა (ვეტერანთა) ოჯახებისთვის;

– რეინტეგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის;

– მიუსაფარი პირებისა და უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში მყოფი ოჯახებისთვის;

– მარტოხელა მშობლებისთვის;

– სოციალურად დაუცველი, უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში, მიუსაფარი, უსახლკაროდ დარჩენილი მოსახლეობის ქირით უზრუნველყოფისთვის;

– ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის;

– სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან გათავისუფლებული ყოფილი მსჯავრდებულებისთვის;

გარდა აღნიშნულისა, მერიის 2022 წლის სოციალური ბიუჯეტიდან 250 000 ლარი იხარჯება სოციალური პროექტების თანადაფინანსების პროგრამაში ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ განხორციელებული სხვადასხვა სოციალური სერვისებისთვის, რომლითაც მოწყვლადი კატეგორიის 1150 ბენეფიციარი სარგებლობს.

ბიუჯეტიდან საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურება ფინანსდება 135 000 ლარით, რაც განკუთვნილია მოსახლეობის, სკოლების, სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების, მუნიციპალური ორგანიზაციების სამედიცინო, სანიტარულ – ჰიგიენური, სადეზინფექციო მომსახურებისთვის, C-ჰეპატიტზე, აივ/შიდსზე და ტუბერკულოზზე კვლევების ჩატარებასა და სამედიცინო მომსახურებაზე.

მიმდინარე წელს სოციალური ბიუჯეტიდან დაფინანსდა, ასევე, უსახლკარო, სოციალურად დაუცველი 3 ოჯახისათვის სოციალური საცხოვრებლის (ხის ასაწყობი) შეძენა და ადგილზე დამონტაჟება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები