საპარლამენტო უმრავლესობა ესპანეთის სამეფოს კონგრესის ქვედა პალატის დელეგაციას შეხვდა
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ესპანეთის სამეფოს კონგრესის (ქვედა პალატის) საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე პაუ მარი-კლოსეს და დელეგაციის წევრებს შეხვდნენ.
პარლამენტის ინფორმაციით, მხარეებმა საქართველო-ესპანეთს შორის არსებულ ურთიერთობებსა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს.
შეხვედრაზე საუბრის თემას საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება წარმოადგენდა. ხაზი გაესვა ამ პროცესში ესპანეთის მხარდაჭერის მნიშვნელობას.
„ესპანელ კოლეგებთან შეხვედრისას საუბარი გვქონდა ბევრ საკითხზე, მათ შორის, საქართველოსა და ესპანეთს შორის ორმხრივ თანამშრომლობაზე, ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე, საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებაზე. ამ პროცესში ესპანეთის მხარდაჭერა არის ძალიან მნიშვნელოვანი. შეხვედრისას შევეხეთ ყველა იმ თემას, რაც არის მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის, ქვეყნის განვითარებისთვის და კანდიდატის სტატუსის მისაღებად“, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ.
შეხვედრაში, ირაკლი კობახიძესთან ერთად, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები ირაკლი ჩიქოვანი და მარიამ ლაშხი მონაწილეობდნენ. შეხვედრას ასევე ესწრებოდა ესპანეთის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ილია გიორგაძე.