ეთნიკური უმცირესობებისთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის საკითხის შესწავლის მიზნით, საპარლამენტო თემატური მოკვლევის ჯგუფი სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს შეხვდა

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან ერთად სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს შეხვდნენ.

პარლამენტის ინფორმაციით, თემატური მოკვლევის ჯგუფის გასვლითი ღონისძიების ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე ეთნიკური უმცირესობებისთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის საკითხზე იმსჯელეს.

კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი ამილახვრის განცხადებით, გამოიკვეთა რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, რაც ადგილობრივ დონეზე ქართული ენის შესწავლას უკავშირდება.

„ჩვენი მთავარი მოტივაცია და როლი არის ის, რომ სწორედ ადგილობრივი მოსახლეობისთვის მოვაგვაროთ ის საგანმანათლებლო პრობლემები, რაც უკეთეს ხელმისაწვდომობას განაპირობებს საგანმანათლებლო კუთხით. ეს ეხება სკოლებში ქართული ენის მასწავლებლების პრობლემას, სახელმძღვანელოების პრობლემას. კარგად მუშაობს , მაგრამ გასაუმჯობესებელია 1+4 პროგრამა. ვმუშაობთ ასევე, ამ პროგრამისთვის დაფინანსების გასაზრდელად“, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი ამილახვარმა.

ეთნიკური უმცირესობებისთვის ხარისხიანი განათლებისა და ხელმისაწვდომობის შესწავლის მიზნით, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის გასვლით შეხვედრებში ახალციხის, ადიგენის, ბორჯომისა და ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატი, ანტონ ობოლაშვილი იღებს მონაწილეობას.

„ორდღიანი ღონისძიების ფარგლებში, ვხვდებით მოსახლეობას და ვეცნობით იმ გამოწვევებს, რომელიც ჩვენი რეგიონის მოსახლეობას აწუხებს. ერთ-ერთი გამოწვევა სახელმწიფო ენის შესწავლაა. მნიშვნელოვანია პარლამენტის ჩართულობა აღნიშნული გამოწვევის მოსაგვარებლად“, – განაცხადა ანტონ ობოლაშვილმა.

თემატური მოკვლევა ხორციელდება ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით და დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები