გიორგი ცუცქირიძე: ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებლები ეკონომიკის გაჯანსაღების შეუქცევადობაზე მიუთითებს

ეკონომისტ გიორგი ცუცქირიძის განცხადებით, ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებლები ეკონომიკის გაჯანსაღების შეუქცევადობაზე მიუთითებს. ამის შესახებ ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.

“ორნიშნა ეკონომიკური ზრდასთან (მაისში ეკონომიკურმა ზრდამ – 11.6% შეადგინა, ხოლო იანვარი-მაისის საშუალო ეკონომიკური ზრდა 11.2%-ით განისაზღვრა) ერთად, გაზრდილი ექსპორტი და ტურიზმის აღდგენის დინამიკის გაძლიერება იყო მთავარი თემები ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე, რომელიც საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით გაიმართა.

ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობი ფაქტორებიდან უნდა გამოიყოს ადგილობრივი ექსპორტის მიმართულებით დაფიქსირებული პოზიტიური ტენდენციები და ტურიზმის აღდგენის დინამიკის გაძლიერება. 2022 წლის მაისში ექსპორტი გაიზარდა 54.3 %-ით, ხოლო ადგილობრივი ექსპორტი – 63.3 %-ით.

იანვარ-მაისში მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლების აღდგენის დონე 75.3%-ია და შემოსავლებმა 840.9 მლნ აშშ. დოლარი შეადგინა.

ეს ტენდენცია გრძელდება ივნისშიც. მიმდინარე წლის ივნისში საქართველოში 445,894 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა და ზრდა 2021 წლის ივნისის თვესთან შედარებით 185.5%-ია, ხოლო 2022 წლის 6 თვეში საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 1,209,272 შეადგინა, რაც 186.3%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

კიდევ ერთი საკითხი, რაც ეკონომიკის გაჯანსაღების შეუქცევადობაზე მიუთითებს ეს ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებლებია. 2022 წლის პირველ ნახევარში გადაჭარბებით შესრულდა, როგორც შემოსავლების ჯამური მაჩვენებელი, ასევე, საგადასახადო შემოსავლებიც. ისევე, როგორც ნაერთი ბიუჯეტი, გადაჭარბებით შესრულდა სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებიც, რომლის მოცულობამ 9,1 მლრდ ლარი შეადგინა. ამასთან ნიშანდობლივია, რომ ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტის მაჩვენებელმა მხოლოდ 0,3% შეადგინა, რაც აჩვენებს, რომ გრძელდება დაგეგმილი ფისკალური კონსოლიდაცია და წლის ბოლომდე შესაძლებელი იქნება მნიშვნელოვნად შემცირდეს მისი წლიური მაჩვენებელიც და ნაცვლად თავდაპირველად პროგნოზირებული 4,4%-სა, მისი მაჩვენებელი წინაკრიზისული პერიოდის 3,5 %-ზე დაბალ ნიშნულამდე უკვე ამ წლის ბოლოს შემცირდეს.”- წერს ცუცქირიძე სოციალურ ქსელში.

მისივე თქმით, ღია ბიუჯეტის ინდექსის მიხედვით, საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზე გავიდა.

“აქვე აღვნიშნავ, რომ გერმანიის განვითარების თანამშრომლობის სახელით, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) სხვა პარტნიორებთან ერთად, ულოცავს ქვეყანას ბიუჯეტის გამჭვირვალობის კუთხით მიღწეულ წარმატებას. ღია ბიუჯეტის ინდექსის მიხედვით საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზე გავიდა. აღნიშნულია გერმანიის საელჩოს დღეს გამოქვეყნებულ განცხადებაში.

მოგეხსენებათ, ბიუჯეტის საერთაშორისო პარტნიორობის მიერ გამოქვეყნებული ბიუჯეტის გამჭვირვალობის 2021 წლის კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველომ 100 ქულიდან 87 ქულით მსოფლიოს 120 ქვეყანას შორის პირველი ადგილი დაიკავა.

ქვეყნის ეს შთამბეჭდავი მიღწევა საჯარო ფინანსების სფეროში გატარებული მთელი რიგი რეფორმების შედეგია, როგორიცაა, საშუალოვადიანი დაგეგმვის გაუმჯობესება, პროგრამული ბიუჯეტირების დანერგვა, ანგარიშვალდებულების გაზრდა, საჯარო ფინანსების მართვის ელექტრონული სისტემების დანერგვა და გაუმჯობესება, მოქალაქეთა ჩართულობის ხელშემწყობი მექანიზმების დანერგვა, საბიუჯეტო დოკუმენტაციის გამოქვეყნება, მოქალაქეთა გზამკვლევების მომზადება და სხვა დაკავშირებული ღონისძიებები.

ეს აღიარებაც ადასტურებს ქვეყნის შეუქცევად კოოპერაციას საერთაშორისო და ევროინტეგრაციის მიმართულებით”, – აცხადებს ცუცქირიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები