“სრული გაოგნება გამოიწვია” – ცხინვალი ჰააგის სასამართლოს განაჩენის აღსრულებას არ აპირებს
ე.წ.სამხრეთ ოსეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრომ ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომელმაც 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე ე.წ. სამხრეთ ოსეთის სამი მაღალჩინოსნის დაპატიმრების ორდერები გასცა.
კერძოდ, სასამართლომ ე.წ. შს მინისტრის – მიხეილ მინძაევის, ე.წ. შსს-ს წინასწარი დაკავების იზოლატორის ყოფილი უფროსის – ჰამლეტ გუჩმაზოვის და ადამიანის საკითხებში ყოფილი ე.წ. კომისრის დაკავების ბრძანება გასცა, რომლებიც აღნიშნულ თანამდებობებს სწორედ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს იკავებდნენ.
ამ ინფორმაციამ ე.წ. სამხრეთ ოსეთში “სრული გაოგნება გამოიწვია, რადგან სწორედ ამ პირებმა ყველაფერი გააკეთეს საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლის გადასარჩენად, უზრუნველყვეს მათი უსაფრთხოება სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე და მოგვიანებით გადასცეს ისინი ქართულ მხარეს“.
ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. საგარეო უწყებისთვის ცხადია, რომ ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება მიღებულია “სერიოზული საერთაშორისო კრიზისის ფონზე, როდესაც რუსეთის წინააღმდეგ ტოტალური ომი მიმდინარეობს და ანტირუსულმა სანქციებმა არნახულ მასშტაბებს მიაღწია”.
“საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ, როგორც ჩანს, გადაწყვიტა საკუთარი წვლილი შეეტანა საერთაშორისო ვითარების გამწვავებაში და ქვა ესროლა რუსეთის მიმართულებით”,- აღნიშნულია განცხადებაში.
ე.წ. უწყება ასევე დასძენს, რომ ჰააგის სასამართლოს ნებისმიერი გადაწყვეტილება ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე არალეგიტიმურია და არავითარი პერსპექტივა არ ექნება.
„სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში ყველა მოქალაქეს გარანტირებული აქვს პიროვნების ხელშეუხებლობა. არავინ იქნება დაპატიმრებული ან დაკავებული რესპუბლიკის პროკურორის სანქციის გარეშე. ეს არის კანონი, სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის კონსტიტუციის მოთხოვნა“, – ნათქვამია განცხადებაში.