უზბეკეთის კონსტიტუციაში ყარაყალპახეთის სუვერენიტეტის შესახებ ჩანაწერი შენარჩუნდება

უზბეკეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა კონსტიტუციაში ცვლილებების განხილვის ათი დღით, 15 ივლისამდე გახანგრძლივებას. გარდა ამისა, გადაწყდა, რომ დოკუმენტში ყარაყალპახეთის რესპუბლიკის სუვერენიტეტის შესახებ პუნქტები არ შეიცვლება.
უზბეკეთის პრეზიდენტმა, შავქათ მირზიოევმა, კონსტიტუციაში შესწორების მიზნით, რეფერენდუმის ჩატარების წინადადებით გამოვიდა. ივნისის ბოლოს საკანონმდებლო პალატაში კანონპროექტი შევიდა, რომელიც პირველი მოსმენით საჯარო განხილვისთვის დამტკიცდა.
კანონპროექტი კონსტიტუციის 64 მუხლში 200-ზე მეტ ცვლილებას ითვალისწინებს. ერთ-ერთი ცვლილების თანახმად, “ყარაყალპახეთის რესპუბლიკა არის უზბეკეთის რესპუბლიკის ნაწილი, რომლის ტერიტორიაზე გარანტირებულია უზბეკეთის რესპუბლიკის კონსტიტუციითა და კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა უფლება და თავისუფლება”.
ამგვარმა ფორმულირებამ ყარაყალპახეთის დედაქალაქ ნუკუსში 1-2 ივლისს საპროტესტო აქციები გამოიწვია, რომლის დროს, სულ მცირე, 18 ადამიანი დაიღუპა. 2 ივლისს რესპუბლიკას პრეზიდენტი ეწვია და დემონსტრანტებს ახალ კონსტიტუციაში რესპუბლიკის სუვერენიტეტის შესახებ, ასევე, ყარაყალპახეთის უზბეკეთისგან გამოყოფის უფლებაზე ჩანაწერის შენარჩუნება შესთავაზა.
ყარაყალპახეთის რესპუბლიკა, რომლის მოსახლეობა, დაახლოებით, 2 მილიონი ადამიანია, უზბეკეთის ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს და ქვეყნის უდიდესი რეგიონია; მისი ტერიტორიის, დაახლოებით, 40%-ს იკავებს. 1990-იან წლებში ხელი მოეწერა სუვერენული რესპუბლიკის სტატუსში უზბეკეთის შემადგენლობაში შესვლას, ამასთან, რეგიონი ინარჩუნებდა ამ შემადგენლობიდან გასვლის უფლებას და ორი ენის შენარჩუნებას – ყარაყალპახურისა და უზბეკურის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები