ჰუბერტ ქნირში: არცერთი პარტია არ უნდა გადგეს განზე, უნდა გაერთიანდნენ და ითანამშრომლონ
“მოხარული ვარ, რომ საქართველოში ევროკავშირის მიერ გამოთქმულ 12 პირობასთან დაკავშირებით მუშაობა დაიწყო. პოლიტიკური ძალები ფიქრობენ, როგორ შეასრულონ ისინი. ასევე, ხალხი გამოდის ქუჩებში, რათა გამოხატოს მზადყოფნა, რომ საქართველო ევროკავშირს შეუერთდეს”, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა ევროკომისიის რეკომენდაციების 12 პუნქტთან და დეპოლარიზაციასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, ყველა პარტია უნდა გაერთიანდეს და ითანამშრომლოს.
“მნიშვნელოვანია, რომ ყველა პოლიტიკურმა პარტიამ, ყველა პოლიტიკურმა ძალამ, რომელიც მხარს უჭერს ევროპულ იდეას, მონაწილეობა მიიღოს ამ ძალისხმევაში. არც ერთი პარტია არ უნდა გადგეს განზე, ისინი უნდა გაერთიანდნენ და ითანამშრომლონ. სწორედ ამას გულისხმობდა ევროკავშირი დეპოლარიზაციაზე ხაზგასმით, რომელიც განსაკუთრებით საქართველოსთვის ერთი მნიშვნელოვანი პუნქტია. ჩვენ ვიცით, რომ პოლარიზაცია არის ქართული პოლიტიკური სისტემის უარყოფითი მახასიათებელი. 4 წელია, რაც თქვენს ქვეყანაში ვმსახურობ და ამ პერიოდის განმავლობაში, ყველა საქართველოში, იქნება ეს მთავრობისა და ოპოზიციის წარმომადგენლები, სამოქალაქო საზოგადოება, უბრალოდ ის ხალხი, რომელიც აქ ცხოვრობს და მუშაობს, ხაზგასმით აღნიშნავს თუ რამდენად მნიშვნელოვანია პოლარიზაციის დაძლევა. ევროკავშირი იგივეს ფიქრობს. ეს არის ძალისხმევა, რომელიც უნდა განხორციელდეს ყველა მხარის მიერ ერთად და ერთდროულად“,- განაცხადა ქნირშმა.