კელი დეგნანი: თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და დემოკრატიის დაცვის სურვილი არის ის, რასაც ამერიკელი და ქართველი ხალხი იზიარებს

თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და დემოკრატიის დაცვის სურვილი არის ის, რასაც ამერიკელი და ქართველი ხალხი იზიარებს. ეს არ ნიშნავს ომის სურვილს, სრულიად საპირისპიროდ, ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ თავისუფლება და დემოკრატია არის ყველაზე უტყუარი გზა მშვიდობისკენ, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა აშშ-ის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამართულ მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინის ბრძოლა არის იმ პრინციპებისთვის, რაც ამერიკელმა და ქართველმა ხალხმა განამტკიცა კონსტიტუციაში და რის განხორციელებისკენაც ისწრაფვის.

„ქართველებმა და ამერიკელებმა კარგად ვიცით, რომ თავისუფლებისთვის ბრძოლა ადვილი საქმე არ არის – იქნებოდა ეს 1776 წლის ამერიკა, თუ 1921 წელი – საქართველოში, ევროპის ორი მსოფლიო ომის პერიოდი, თუ საბჭოთა კავშირის დაშლა. ჩვენ ვნახეთ ეს 2008 წელს საქართველოში რუსეთის გაუმართლებელი შემოჭრის დროს და ამას ვხედავთ თავისუფლებისთვის ბრძოლაში, პუტინის მიერ უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებულ ბარბაროსულ ომში.

ეს არის ბრძოლა დემოკრატიასა და ავტოკრატიას შორის, თავისუფლებასა და რეპრესიებს შორის, თანამედროვე წესებზე დაფუძნებულ წესრიგსა, რომელმაც სტაბილურობა და კეთილდღეობა მოუტანა ევროპას 75 წლის განმავლობაში და ავტოკრატიულ რეჟიმს შორის, რომელსაც, სისასტიკე, შევიწროება და შიში მოაქვს.

რატომ ვსაუბრობ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომზე დამოუკიდებლობის დღეს? იმიტომ რომ, უკრაინის ბრძოლა დამოუკიდებლობისათვის არის უფრო დიდი ბრძოლის ნაწილი, რაც გულისხმობს ბრძოლას უმთავრესი დემოკრატიული პრინციპებისთვის, რომლებიც აერთიანებს ყველა თავისუფალ ერს. ეს არის ბრძოლა ზუსტად იმ პრინციპებისთვის, რაც ამერიკელმა და ქართველმა ხალხმა განამტკიცა კონსტიტუციაში და რის განხორციელებისკენაც ისწრაფვის – კანონის უზენაესობა, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, სიტყვის, წერის და შეკრების თავისუფლება, თავისუფალი და ეთიკური პრესა. „ ხალხის, ხალხისთვის და ხალხის მიერ“ ხელისუფლების ცნება გულისხმობს თითოეული პიროვნების თავისუფლების, თანასწორობისა და ღირსების დაცვის პასუხისმგებლობას; მოქალაქეებისთვის უსაფრთხოების უზრუნველყოფას კონსტიტუციური ღირებულებების დარღვევის გარეშე, როგორიც არის სამართლიანი სასამართლო პროცესი და დაცვის გარანტიები ყველასათვის. ამ პრინციპების დაცვა არც თუ ისე ადვილია , მაგრამ აუცილებელია თავისუფალ საზოგადოებაში, რათა თითოეულ ადამიანს ჰქონდეს სრული პოტენციალის გამოვლენის შესაძლებლობა“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები