მაია ბითაძემ კრწანისის ტყეპარკში პროექტის: „გადავარჩინოთ ბუნება – საქართველო“ პრეზენტაციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა
კრწანისის ტყე-პარკში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით შვედეთის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება – საქართველო“ პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, მაია ბითაძე ესწრებოდა. აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში საქართველოში ვიზიტით მყოფ შვედეთის განვითარებისა და თანამშრომლობის საერთაშორისო სააგენტოს (SIDA) გენერალურ დირექტორს, ქარინ იამთინის უმასპინძლეს.
„დღეს აქ საქართველოსა და შვედეთს შორის კიდევ ერთი, ძალიან ნაყოფიერი თანამშრომლობის მომსწრე ვართ. შვედეთი საქართველოს ერთ-ერთი სტრატეგიული პარტნიორია და ძალიან დიდ დახმარებას გვიწევს იმ მიმართულებით, რაც აუცილებელია ასოცირების ხელშეკრულების შესრულებისა და ზოგადად ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის თვალსაზრისით. ჩვენი ურთიერთობა და თანამშრომლობა ათწლეულებს ითვლის. რომ არაფერი ვთქვათ იმ დახმარებაზე და მხარდაჭერაზე, რომელსაც შვედეთი გარემოს დაცვის სფეროში უწევს საქართველოს უკვე წლებია.
რომელი ერთი ჩამოვთვალო, ბიომრავალფეროვნების, ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების, ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოებისა და ბევრი სხვა მიმართულებით, რომელიც აუცილებელია ევროინტეგრაციის გზაზე. ძალიან მიხარია, რომ დღეს საფუძველი ეყრება და იწყება ახალი, დიდი და მასშტაბური პროექტი, რომელიც სამ ძირითად მიმართულებას გააერთიანებს და საკვანძო მომენტი იქნება ბიომრავალფეროვნების დაცვა, ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება და დაცული ტეროტორიების გაფართოება.
კრწანისის ტყე-პარკის მნიშვნელობა ძალიან კარგად იციან ადგილობრივებმა, ჩვენ ყველამ ვიცით თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ქალაქებთან ახლოს მწვანე ინფრასტრუქტურის განვითარება. განსაკუთრებით თვალსაჩინო გახდა პანდემიის შემდგომ და პანდემიის პერიოდში, თუ როგორია მოსახლეობის მოთხოვნა სუფთა ჰაერის მიმართ, როგორია დამოკიდებულება მწვანე სივრცეების მიმართ, ამიტომ ჩვენი მთავარი პრიორიტეტი სწორედ ქალაქებში გარემოს დაცვითი სტანდარტის გაუმჯობესებაა. საქართველოს პარლამენტის სახელით დიდ მადლობას გადავუხდი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და შვედეთის განვითარების სააგენტოს, შვედეთის მთავრობას, იმისთვის, რომ ჩვენ რუსთავსა და თბილისს შორის ანგლომერაციაში, გვექნება კიდევ ერთი ახალი მიზიდულობის ცენტრი, რომელიც ძალიან აუცილებელია ჩვენი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისთვის“, – განაცხადა მაია ბითაძემ შეხვედრაზე.
ღონისძიებაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებმა წარადგინეს პრეზენტაციები გარემოს დაცვის, ნარჩენების მართვის, ბიომრავალფეროვნების, კლიმატის ცვლილების და დაცული ტერიტორიების განვითარების მიმართულებით შვედეთის მთავრობის და SIDA-ს ფინანსური მხარდაჭერით, ადგილობრივი პარტნიორებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით განხორციელებული პროექტების შესახებ. საუბარი შეეხო პროექტების ფარგლებში მიღწეულ შედეგებს, არსებულ გამოწვევებს და მათი გადაჭრის გზებს.