ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ყველა მცდელობა, დაკეტილიყო ნატო-ს კარი – ჩავარდა.
ამის შესახებ მან მადრიდში სამიტამდე აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან შეხვედრაზე განაცხადა.
სტოლტენბერგის თქმით, აღმოსავლეთით ნატო-ს გაფართოების თავიდან ასაცილებლად უკრაინაზე თავდასხმით, პუტინმა ზუსტად საპირისპირო შედეგს მიაღწია.
„ჩვენ მოვიწვევთ ფინეთს და შვედეთს ნატო-ში გასაწევრიანებლად. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენი კარი ღიაა და ასევე იმაზე, რომ პრეზიდენტმა პუტინმა ვერ შეძლო ნატო-ს კარის დაკეტვა. პირიქით. ეს არის ზუსტად იმის საპირისპირო, რაც მას სურდა. მას სურდა ნაკლები ნატო, მაგრამ პრეზიდენტმა პუტინმა მეტი ნატო მიიღო, რადგან ფინეთი და შვედეთი ჩვენს ალიანსს შეუერთდებიან“, – აღნიშნა გენერალურმა მდივანმა.