ალეკო ელისაშვილი – ელენე ხოშტარიაზე: პოლიტიკოსი, რომელსაც უნდა, რომ საქართველო გახდეს ევროპის ნაწილი და ამ დროს თანხები ირიცხება რუსეთიდან, ეს ძალიან მძიმე ამბავია
პოლიტიკოსი, რომელსაც უნდა, რომ საქართველო გახდეს ევროპის ნაწილი, ცივილიზებული სამყაროს ნაწილი და ამ დროს თანხები ირიცხება რუსეთიდან და თან არ არის უმნიშვნელო თანხაზე საუბარი, რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან მძიმე ამბავი, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რითაც ელენე ხოშტარიას ოჯახისთვის რუსეთიდან ჩარიცხული თანხების საკითხს გამოეხმაურა.
მისი თქმით, ელენე ხოშტარიას ოჯახისათვის რუსეთიდან თანხის ჩარიცხვის თემას ნათელი დროულად უნდა მოეფინოს.
„არის მორალური საკითხიც და არის კიდევ უფრო მძაფრი კითხვის ნიშნებიც, ხომ არ დგას ამ ყველაფრის უკან კიდევ სხვა რამ და არა უბრალოდ ჰონორარები წინაპრების ღვაწლის და ნაშრომის და ა.შ. თუ დროზე ნათელი არ მოეფინება ამ ყველაფერს, ეს კითხვები კიდევ უფრო მძაფრი გახდება. ამასთან. პრინციპების საკითხიც არის – როცა ხარ ქართველი პოლიტიკოსი, სულგაყიდული არ ხარ და რუსეთის დანომრილი აგენტი არ ხარ, პოლიტიკოსი, რომელსაც უნდა, რომ საქართველო გახდეს ევროპის ნაწილი, ცივილიზებული სამყაროს ნაწილი და ამ დროს თანხები ირიცხება რუსეთიდან და თან არ არის უმნიშვნელო თანხაზე საუბარი, რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან მძიმე ამბავი“, – აცხადებს ალეკო ელისაშვილი.
ცნობისთვის, გასულ კვირას „ქრონიკამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ „დროას“ დამფუძნებლის, ელენე ხოშტარიას ოჯახის წევრის ანგარიშზე რუსეთიდან, პერიოდულად, მილიონობით რუსული რუბლი ირიცხება. აღნიშნულთან დაკავშირებით, ელენე ხოშტარიამ განაცხადა, რომ მამამისი არის სოლიკო ვირსალაძის მემკვიდრე და მისი დადგმული სპექტაკლიდან ჰონორარები ერიცხება.