“ბოლო 4 წელში, ერთხელ მაინც, 97 048 სტუდენტს სტატუსი შეუჩერდა” – „ახალგაზრდა ადვოკატების“ შესწავლის შედეგები უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობაზე

“2019-2022 წლის აპრილის თვის მდგომარეობით, საქართველოს და უცხო ქვეყნის მოქალაქე სტუდენტთა რაოდენობა, რომელთაც ოთხი წლის განმავლობაში ერთხელ მაინც სტუდენტის სტატუსი შეუჩერდათ, 97 048 ათასია”, – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია “ახალგაზრდა ადვოკატების“ იურისტმა, სოფიო ჭელიძემ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობაზე შესწავლის შედეგებს აქვეყნებს, რომელიც პანდემიამდე, პანდემიის პერიოდსა და ამჟამად არსებული მდგომარეობის ანალიზსს, მათ შორის, საქართველოს უკრაინასთან მიმართებით გატარებული ღონისძიებების მნიშვნელობას შეეხება.

“ორგანიზაციის ინტერესის საგანს წარმოადგენდა, დაედგინა, 2019 წლის 1-ელი იანვრიდან 2022 წლის აპრილის თვის მდგომარეობით, რა ობიექტური რეალობის წინაშე დადგა საქართველოს განათლების სისტემა, რამდენმა სტუდენტმა შეძლო განათლების მიღება და რამდენ სტუდენტს მოუწია უარი ეთქვა სწავლის გაგრძელებაზე – შესაბამისად, შეეჩერებინა სტუდენტის სტატუსი. რა მიზეზები იქნა დასახელებული განათლების მიღების ხელმისაწვდომობაზე ნებსით და უნებლიედ უარის თქმის შემთხვევებში, რა პრევენციული ღონისძიებები დაგეგმა და განახორციელა განათლების სისტემამ პანდემიის პერიოდში უწყვეტი განათლების უფლების რეალიზებისთვის, რა როლი შეასრულა სახელმწიფომ სწავლის საფასურის შემცირების ან გადავადების კუთხით. ამასთან, ორგანიზაციის ცალკე ინტერესს წარმოადგენდა სახელმწიფოს ჩართულობის იდენტიფიცირება, რომელიც შეიარაღებული კონფლიქტის დროს, უკრაინიდან იძულებით გადაადგილებული პირების საქართველოს განათლების სისტემაში მიღებასა და სასწავლო პროცესში ინტეგრაციის უზრუნველყოფას შეეხებოდა.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ შესწავლის შედეგების მიხედვით დგინდება, რომ, 2019-2022 წლის აპრილის თვის მდგომარეობით, საქართველოს და უცხო ქვეყნის მოქალაქე სტუდენტთა რაოდენობა, რომელთაც ოთხი წლის განმავლობაში ერთხელ მაინც შეუჩერდათ სტუდენტის სტატუსი 97 048 ათასია. სტუდენტის სტატუსის შეჩერების საფუძველი, საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით შესაძლოა, იყოს პირადი განცხადება, უცხო ქვეყანაში, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლა, ორსულობა, მშობიარობა, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ფინანსური დავალიანება, ან უნივერსიტეტების წესდებით გათვალისწინებული სხვა გარემოებები. მაგალითად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მონაცემთა ბაზაში 2019 წლის 1-ელი ნოემბრის მდგომარეობით (პანდემიამდე არსებული პერიოდი) ფიქსირდებოდა 225,178 ათასი სტუდენტი, სტუდენტის სტატუსი შეჩერებული ჰქონდა – 53,628 ათასს სტუდენტს, აქედან ფინანსური დავალიანების გამო – 17,878 ათასს სტუდენტს. 2020 წლის 1 ნოემბრის მდგომარეობით (პანდემიის პერიოდში) ფიქსირდებოდა 237,017 ათასი სტუდენტი, სტუდენტის სტატუსი შეჩერებული ჰქონდა – 55, 121 ათასს სტუდენტს, აქედან ფინანსური დავალიანების გამო – 17,654 ათასს სტუდენტს. 2021 წლის 1 ნოემბრის მდგომარეობით (პანდემიის მილევად პერიოდში) ფიქსირდებოდა 247,777 ათასი სტუდენტი, სტუდენტის სტატუსი შეჩერებული ჰქონდა – 54,417 ათასს სტუდენტს, აქედან ფინანსური დავალიანების გამო – 20 797 ათასს სტუდენტს. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ სხვადასხვა დროის მონაკვეთში არსებული სტატისტიკური მონაცემის მიუხედავად, სტატსუსშეჩერებული სტუდენტების მდგომარეობა კვლავ გამოკვეთილად პრობლემური და თავისი გამომწვევი მიზეზებით – უცვლელია, ხოლო სახელმწიფოს პოლიტიკა სხვადასხვა სოციალური ღონისძიებებით სტუდენტთა სწავლების დაფინანსება მოხდეს – საჭირო მიდგომაა, მაგრამ არა – პრობლემის სისტემურად დაძლევისთვის გადამჭრელი”, – განაცხადა ჭელიძემ.

მანვე იმ სტატისტიკის შესახებ ისაუბრა, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან სწავლის დაფინანსებას ეხება.

“საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, კოვიდპანდემიის გამო, სოციალური დახმარების ფარგლებში, სწავლა 2020-2021 წლის სემესტრში 15 015 სტუდენტს 15 812 630, 00 ლარით დაუფინანსდა, ხოლო 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დავალიანება 1 588 სტუდენტს 1 033 465,00 ლარით აუნაზღაურდა. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, პირველი და მეორე საფეხურის სტუდენტთა სწავლა სახელმწიფოს მხრიდან ყოველწლიურად 100 მილიონის ფარგლებში ფინანსდება (აქ იგულისხმება სახელმწიფო სასწავლო გრანტი, სახელმწიფო სამაგისტრო გრანტი, სოციალური პროგრამები, პრიორიტეტული პროგრამები და ა.შ).

აგრეთვე, სახელმწიფო სტიპენდია ყოველ სემესტრულად საშუალოდ 3000 სტუდენტზე გაიცემა, რაც ერთმნიშვნელოვნად დადებითია, თუმცა, საჭიროა  პრობლემისა და განათლების ხელმისაწვდომობაზე კომპლექსური მიდგომის შემუშავება, უმაღლესი განათლების დაფინანსების მექანიზმების გაუმჯობესების ხელშეწყობა. კერძოდ, ევროკავშირის ტექნიკური მხარდაჭერით, უკვე შემუშავებულია პროფესიული განათლების ახალი სტრატეგიის პროექტი, რომელიც 2022-2027 წლებს მოიცავს. სტრატეგია ითვალისწინებს მოწყვლადი ჯგუფებისათვის სხვადასხვა მხარდამჭერი სერვისის შემოტანას, მათ შორის, სოციალურ ვაუჩერს. ორგანიზაციას მიაჩნია, რომ აღნიშნული სტრატეგიის ამოქმედება სწრაფად უნდა დაიწყოს, რათა პროფესიული სტუდენტების მიერ სასწავლო პროცესის უწყვეტობის უზრუნველყოფა არ შეფერხდეს. ახალგაზრდა ადვოკატები“ აღნიშნავს, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ჩართულობის მიუხედავად, არაეფექტური აღმოჩნდა, კოვიდპანდემიის დროს სწავლის გადასახადის რეგულირების უზრუნველყოფა მოეხდინა.

ორგანიზაციის შეკითხვები შეეხებოდა კოვიდპანდემიის დროს დისტანციური სწავლების პირობებში სწავლის გადასახადის შემცირებაზე უარის თქმის მიზეზებს, რაზეც სახელმწიფოს პასუხისმგებლობა მთლიანად საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის მიმართ იქნა გადატანილი და აღინიშნა, რომ სამინისტრო ვერ ჩაერეოდა საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტონომიაში, ვინაიდან სწავლის საფასურის განსაზღვრა უნივერსიტეტების დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნებოდა. სწორედ საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტონომიაში ჩარევაზე უარის თქმის შედეგად, 2020-2022 წლებში, არანაკლებ 50,000 და მინიმუმ 17,000 სტუდენტს განათლების მიღების კონსტიტუციური უფლება წაერთვა“, – განაცხადა ჭელიძემ.

მისივე თქმით,  ორგანიზაცია რამდენიმე წლის წინ უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით ინიციატივით გამოვიდა.

„კერძოდ, ორგანიზაცია მიუთითებდა, რომ საჭირო იქნებოდა „საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ ცვლილების შეტანა, რომლის მიხედვითაც, აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტები, რომელთა შემოსავალი კალენდარული წლის განმავლობაში, არ აღემატებოდა – 6000 ლარს, საშემოსავლო გადასახადით არ დაბეგრილიყვნენ. ინიციატივას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს განსხვავებული პოზიციის გამო, საქართველოს პარლამენტში მსვლელობა არ მისცემია, თუმცა, საკანონმდებლო წინადადებამ განათლების კომიტეტის მხარდაჭერა მიიღო. ამასთან, ორგანიზაციის მტკიცე პოზიცია იყო კოვიდპანდემიის დროს დისტანციური სწავლების პირობებში სტუდენტებისთვის სწავლის გადასახადის შემცირება, ან გადავადება, რაც სახელმწიფოს მხრიდან არ ყოფილა გაზიარებული. პირიქით, დაიწყო საუბარი ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამის საფასურის გაზრდასთან დაკავშირებით”, – განაცხადა იურისტმა.

მისივე თქმით, „ახალგაზრდა ადვოკატები“ იმ უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლების სიას აქვეყნებს, სადაც, 2022 წლის აპრილის მდგომარეობით, ყველაზე მეტი სტატსუსშეჩერებული სტუდენტია.

ჭელიძის თქმით, ესენია:

  1. სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი – 14421
  2. შპს საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი (სეუ) – 11438
  3. სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი – 10995
  4. სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი- 10364
  5. სსიპ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი – 7037
  6. შპს საქართველოს უნივერსიტეტი – 6173
  7. შპს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი – 2749
  8. შპს კავკასიის უნივერსიტეტი – 2603
  9. სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი – 2260
  10. სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი – 1738

პროფესიული სასწავლებლები:

  1. შპს ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემია – 237
  2. საზოგადოებრივი კოლეჯი ,,კავკასიონი” – 206
  3. შპს ინტერბიზნესის აკადემია – 192
  4. სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი – 186
  5. შპს ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელი “ანრი” – 149
  6. კოლეჯი “იკაროსი” – 136
  7. შპს ბათუმის დამოუკიდებელი სასწავლებელი – 88
  8. კოლეჯი ბლექსი – 75
  9. საზოგადოებრივი კოლეჯი “ელიტი” – 70
  10. შპს საქართველოს ბიზნესის აკადემია – SBA – 72

“ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ აუცილებელია, განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკა გადაიხედოს, რათა ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემამ ევროპულ სტანდარტებთან დაახლოება და ჰარმონიზაცია განიცადოს. საერთაშორისო ორგანიზაცია WorldAtlas-ის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, საქართველო 25 ყველაზე ცუდი განათლების სისტემის მქონე ქვეყანათა რეიტინგში 25-ე ადგილს იკავებს. WorldAtlas-ის რეკომენდაციის მიხედვით, აუცილებელია განათლების სისტემისადმი მიმართული თანხების და ბიუჯეტის გაზრდა. იგივე დასკვნები გააჩნია საქართველოს მიმართ „OECD“-ის მიმოხილვებსა და შეფასებებს, რომელიც საქართველოში განათლების ინდექსს ეხება, ვკითხულობთ, რომ საქართველოს მიერ განათლებისთვის გამოყოფილი ხარჯები საერთაშორისო საორიენტაციო ხარჯებთან შედარებით გაცილებით დაბალია”, – განაცხადა იურისტმა.

მისივე თქმით, ორგანიზაციამ საქართველოს მიერ უკრაინასთან მიმართებით გატარებული ღონისძიებების მნიშვნელობა შეისწავლა.

“ორგანიზაცია დადებითად აფასებს სახელმწიფოს მიერ იმ სწრაფი მოქმედებების შედეგებს, რომელმაც უზრუნველყო უკრაინელი იძულებით ადგილნაცვალი პირების საქართველოს განათლების სისტემაში მიღება. კერძოდ, დგინდება, რომ უკრაინელი მოსწავლეების საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხვასთან დაკავშირებით მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილება შევიდა.  კერძოდ, უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების პროცედურა არ შეეხება უკრაინიდან საომარი მოქმედებების გამო წამოსულ მოსწავლეებს და მათი ჩარიცხვა საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში გამარტივებული წესით განხორციელდება იმ კლასებში, რომლებიც ისინი სწავლობდნენ უკრაინის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში 2022 წლის 24 თებერვლის მდგომარეობით.

ენობრივი ბარიერისა და ინტეგრაციიდან გამომდინარე, სკოლებმა დაიწყეს მოდიფიცირებული სასწავლო გეგმის შემუშავება. უკრაინიდან ჩამოსულ მოსწავლეებს აქვთ უფლება,  სხვადასხვა ენაზე გააგრძელონ სწავლა. სსიპ ქალაქ თბილისის მიხეილ გრუშევსკის სახელობის #41 საჯარო სკოლას დაემატა უკრაინული სექტორი, სადაც სწავლა ხორციელდება დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურებზე. ამოქმედდა „უკრაინულ ენაზე ზოგადი განათლების მიღების ხელმისაწვდომობის ქვეპროგრამა“. დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს გადაეცათ ბუკები. სამინისტროსა და მობილურ ოპერატორებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, უკრაინელი მოსწავლეები სარგებლობენ მობილური ინტერნეტპაკეტის შეღავათიანი პირობით. უკრაინელი მოსწავლეების დაფინანსება ხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ისევე, როგორც უკრაინელ სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, მოიპოვონ სწავლის უფლება ერთიანი ეროვნული/სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე”, – განაცხადა იურისტმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები