ნიკოლოზ სამხარაძე: ლატვია მტკიცედ უჭერს მხარს ევროკავშირსა და ნატო-ში საქართველოს ინტეგრაციას

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე – ნიკოლოზ სამხარაძე, ლატვიაში ვიზიტის ფარგლებში, მმართველი პარტიის თავმჯდომარე არვილს აშერადენსს, საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივან ანდრის პელშს და პრემიერმინისტრის მრჩეველს ევროკავშირის საკითხებში, რეინის ბრუსბარდისს შეხვდა.

პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრებზე განხილვის მთავარ თემას წარმოადგენდა მოახლოებული ბრიუსელისა და ნატო-ს მადრიდის სამიტები და, შესაბამისად, საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობაზე გაკეთებული განაცხადი და საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების საკითხები.

„შეხვედრებზე ლატვიურ მხარეს ვთხოვე, დაიცვან საქართველოს პოზიციები ევროპული საბჭოს სხდომაზე. ასევე, მოითხოვონ გარანტიები და გაკეთდეს ჩანაწერი, რომ, საქართველოს მხრიდან პირობების შესრულების შემთხვევაში, ქვეყანას მიეცემა კანდიდატის სტატუსი. ხაზი გავუსვი, რომ ნატო-ს მადრიდის სამიტზე უფრო მკაფიოდ უნდა გაიწეროს  ნატო-ში საქართველოს გაწევრიანების გეგმა“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

მისივე თქმით, ლატვიურმა მხარემ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასა და ნატოში ჩვენი ქვეყნის გაწევრიანებაზე სრული მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატა.

„მათ ხაზი გაუსვეს, რომ ამ საკითხებთან დაკავშირებით აქვთ ურყევი პოზიცია და რომ ეს პოზიცია გამოხატული იქნება როგორც ევროპული საბჭოს სხდომაზე, ასევე, ნატო-ს მადრიდის სამიტზე“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები