დავით სონღულაშვილი საქართველოში საუდის არაბეთის სამეფოს ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე და საუდის არაბეთის სამეფოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, დავით სონღულაშვილი საქართველოში საუდის არაბეთის სამეფოს ელჩის მოვალეობის შემსრულებელს, ამერ ომარ ამერს შეხვდა.
პარლამენტის ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და საუდის არაბეთის სამეფოს შორის ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული პრიორიტეტული საკითხები და შემდგომი თანამშრომლობის გაღრმავების გეგმები განიხილეს.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორ სახელმწიფოს შორის მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობების განსაკუთრებულ მნიშვნელობას. ასევე, საუბარი შეეხო არსებული სავაჭრო-ეკონომიკური პოტენციალის შემდგომში კიდევ უფრო ეფექტიან ათვისებას.
აღინიშნა, რომ საქართველოსა და საუდის არაბეთის სამეფოს შორის საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების გაღრმავება ხელს შეუწყობს სექტორული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებას. შეხვედრაზე გამოიკვეთა კონკრეტული მიმართულებები, ასევე, დასახეს სამომავლო გეგმები, როგორც ინვესტიციების მოზიდვის, ასევე, ტურიზმის კუთხით. მხარეებმა მჭიდრო და აქტიური თანამშრომლობისთვის მზადყოფნა დაადასტურეს.