გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი საქართველოში დეკარბონიზაციის შესაძლებლობებისა და გამოწვევების შესახებ თემატურ მოკვლევას იწყებს
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი საქართველოში დეკარბონიზაციის მიზნების მიღწევისთვის არსებული გამოწვევების იდენტიფიცირების მიზნით, თემატურ მოკვლევას იწყებს.
კომიტეტის თავმჯდომარის, მაია ბითაძის განცხადებით, დეკარბონიზაციის ეროვნული მიზნების მიღწევისთვის, მნიშვნელოვანია, საკანონმდებლო და აღმასრულებელმა ხელისუფლებამ ერთობლივად იმუშაოს. „საქართველომ გაეროს კლიმატის ჩარჩო კონვენციის პარიზის შეთანხმების გათვალისწინებით ამბიციური გეგმები დაისახა და მნიშვნელოვანი ვალდებულებები აიღო.
კერძოდ, დამტკიცებული იქნა განახლებული, ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის დოკუმენტი, რომლითაც ქვეყანამ აიღო ვალდებულება, 1990 წელს დაფიქსირებულ მაჩვენებელთან შედარებით, 2020-2030 წლისთვის ეროვნულ დონეზე სათბური აირების გაფრქვევის მაჩვენებელი 35%-ით შეამციროს. ასევე, იმ შემთხვევაში, თუ საქართველო მიიღებს მნიშვნელოვან საერთაშორისო მხარდაჭერას ეს მაჩვენებელი გაიზრდება 50-57%-მდე.
დეკარბონიზაციის ეროვნული მიზნების მიღწევისთვის არსებული გამოწვევების შესწავლა და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება დაეხმარება, ერთის მხრივ, საქართველოს მთავრობას, ეფექტურად განახორციელოს დეკარბონიზაციის გრძელვადიანი მიზნები და ამოცანები, ხოლო მეორეს მხრივ, პარლამენტს მისცემს შესაძლებლობას, რომ საქართველოს მთავრობაზე საპარლამენტო ზედამხედველობა ეფექტურად განახორციელოს.
მნიშვნელოვანია ორი სახელმწიფო ინსტიტუტის ერთობლივი მუშაობა ამ გამოწვევებით სავსე და რთული პროცესის შესასრულებლად და გასაკონტროლებლად”, – განაცხადა მაია ბითაძემ. კომიტეტის თავმჯდომარემ დეპუტატებს გააცნო მოკვლევის ჯგუფის შემადგენლობაც, რომელშიც გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, აგრარულ საკითხთა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების წევრები შედიან. თემატური მოკვლევა ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის მხარდაჭერით განხორციელდება.