თოყაევი: ყაზახეთი არ აღიარებს დონეცკისა და ლუგანსკის კვაზისახელმწიფოებს… არც სამხრეთ ოსეთს ან აფხაზეთს

ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ლუგანსკისა და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკებს “კვაზისახელმწიფოები” უწოდა და თქვა, რომ მათ აღიარებას არ აპირებს. ამასთან დაკავშირებით მან პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე ისაუბრა, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინიც ესწრებოდა.

თოყაევმა ასევე აღნიშნა, რომ არ აღიარებს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთს.

“ზოგი ამბობს, რომ სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობა წმინდა ცნებაა, მეორე ნაწილი კი ამტკიცებს, რომ ნებისმიერი ადამიანს, რომელიც კონკრეტული სახელმწიფოს ნაწილია, საკუთარ სახელმწიფოს წარმოადგენს და ერს თავისი სურვილით შეუძლია მისგან გამოყოფა.

ითვლება, რომ თუ ერის უფლება თვითგამორკვევაზე მთელ მსოფლიოში აღსრულდება, დედამიწაზე ნაცვლად 193 სახელმწიფოსა 500-ზე მეტი სახელმწიფო შეიქმნება, რაც ქაოსს გამოიწვევს. ამის გამო, ჩვენ არ ვცნობთ არც ტაივანს, არც კოსოვოს, არც სამხრეთ ოსეთს ან აფხაზეთს. ეს პრინციპი იქნება გამოყენებული კვაზისახელმწიფოების მიმართ, რომელსაც, ჩვენი აზრით, ლუგანსკი და დონეცკი წარმოადგენს”, – თქვა ყაზახეთის პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები