დავით მათიკაშვილი: ახლა აქციები არ არის ის რესურსი, სადაც ქვეყნის ინიციატივის გაჟღერება ხდება
“ახლა აქციები არ არის ის ფორუმი, ის რესურსი, სადაც ქვეყნის ინიციატივის გაჟღერება ხდება. კარგად იცის მთელმა მსოფლიომ ქართველი ხალხის სურვილი – გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა „ქრონიკის” ეთერში საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველო იმსახურებს იმას, რომ ის უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი და მიიღოს სტატუსი.
„ახლა აქციები არ არის ის ფორუმი, ის რესურსი, სადაც ქვეყნის ინიციატივის გაჟღერება ხდება. კარგად იცის მთელმა მსოფლიომ ქართველი ხალხის, ჩვენი მოსახლეობის სურვილი და ნება – გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი, ცხადია ეს კანდიდატის სტატუსზე გადის და ჩვენ, პირველ ყოვლისა, კანდიდატის სტატუსის მოლოდინში ვართ. ქართული სული ყოველთვის ევროპული ოჯახისკენ მიისწრაფოდა, ამიტომ დღეს ჩვენ ამ გარდამტეხ მომენტში მართლაც გვჭირდება ერთიანობა, მაგრამ არა დაქსაქსულად აქციების გამართვის სახით, არამედ ერთიანობა ერთ პოლიტიკურ გადაწყვეტილებაში, პოლიტიკურ ნება-სურვილში, სადაც ჩვენ ერთნი ვართ პრეზიდენტთან, აღმასრულებელ ხელისუფლებასა და ყველა ჩვენი მეგობარი ქვეყნის ელჩთან ერთად – საქართველო იმსახურებს იმას, რომ ის უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი და მიიღოს სტატუსი – მხოლოდ აქციაზე დგომით კი ეს არ გამოიხატება“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.