ჯანდაცვის მინისტრი ოფიციალური ვიზიტით იტალიაში იმყოფება

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ზურაბ აზარაშვილი იტალიაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ზურაბ აზარაშვილი რომში, დემოგრაფიულ საკითხებზე გამართულ მინისტერიალში იღებს მონაწილეობას, რომლის მიზანიც ყველა ასაკის პირისთვის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფაა.
მაღალი დონის შეხვედრა ევროპისთვის გაეროს ეკონომიკური კომისიის (UNECE) და იტალიის მთავრობის ორგანიზებით იმართება.

მინისტერიალზე ზურაბ აზარაშვილი სიტყვით გამოვიდა და აღნიშნა, რომ საქართველომ მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა ხანდაზმულთა უფლებების, ღირსების და დამოუკიდებლობის დაცვაში.

„საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია, უზრუნველყოს ხანდაზმულთათვის ხარისხიანი ჯანდაცვის სერვისები. ასევე, მათი აქტიური ჩართულობა სპორტულ და კულტურულ ღონისძიებებში. მთავრობის ძალისხმევით, დაინერგა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, რომელიც მთლიანად ფარავს დაუზღვეველ მოსახლეობას, მათ შორის, ხანდაზმულ პირებს.
შრომისუნარიანობის წახალისებისთვის საქართველოს მთავრობამ სხვადასხვა პროგრამა განახორციელა. მათ შორის, საპენსიო ასაკის პირთა დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, კერძო სექტორში მომუშავე ადამიანებს აქვთ პენსიის მიღების შესაძლებლობა.
ქვეყნის საპენსიო სისტემა სამი სახისაა: ხანდაზმულთა საპენსიო სისტემა, რომელიც ასრულებს სოციალური დახმარების როლს ხანდაზმულთათვის; დაგროვებითი საპენსიო სქემა, რომელიც დასაქმებულის, დამსაქმებლისა და სახელმწიფოს თანამონაწილეობას მოიცავს და კერძო საპენსიო სქემები“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

მინისტრმა მიზნობრივ სოციალური დახმარების პროგრამებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა მოწყვლადი ჯგუფების მხარდასაჭერად სოციალური დახმარების სხვადასხვა პროგრამას ახორციელებს.
იტალიაში, ზურაბ აზარაშვილთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით იმყოფება სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი – ქეთევან გოგინაშვილი და პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე – ზაალ მიქელაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები