ტოკიოში საქართველოს საინფორმაციო ცენტრი გაიხსნება

ტოკიოში საქართველოს საინფორმაციო ცენტრი გაიხსნება – ამის შესახებ შეთანხმებას საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი სიგუამ და იაპონელმა ბიზნესმენმა, კომპანია „NATURE PLUS”-ის დამფუძნებელმა სატოში აბარამ მოაწერეს ხელი. ხელმოწერის ცერემონიალს იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ტოშიო კაიტანი ესწრებოდა.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ ტოკიოში საქართველოს ტურიზმის საინფორმაციო ცენტრს, რომელიც სატოში აბარას დაფინანსებით გაზაფხულზე ამოქმედდება, ქართული მხარე საპრომოციო მასალებითა და აუცილებელი ინფორმაციით მოამარაგებს.
ტურიზმის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ასევე დაიგეგმა საქართველოში იაპონელი ჟურნალისტებისთვის პრესტური, კლიპის გადაღება  პოპულარულ იაპონურ საცეკვაო ანსამბლ – „IKV 48“-ის მონაწილეობით, იაპონიაში საქართველოს ტურიზმის დღეების ჩატარება და სხვა ღონისძიებები, რომლებიც იაპონიის საელჩოს და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით მოეწყობა. ამასთანავე, იაპონური მხარე თავის თავზე იღებს  საქართველოს საინფორმაციო ბროშურების, ვებგვერდის, პორტალისა და ფეისბუქის გვერდის იაპონურ ენაზე თარგმნას და ოპერირებას.
„ტოკიოში საქართველოს ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის მიზანი ჩვენი ქვეყნის ტურისტული პოტენციალის წარმოჩინება, საქართველოს ცნობადობის ამაღლება და იაპონიიდან ტურისტების ნაკადის ზრდა იქნება. ეს ინიციატივა ჩვენთვის ძალიან საინტერესოა, რამდენადაც შესაძლებელია მინიმალური ხარჯებით ჩვენი ქვეყნის ცნობადობის ამაღლება იაპონიაში, ტურისტების რაოდენობის გაზრდა და სამომავლოდ იაპონური ინვესტიციების შემოსვლა საქართველოში“, – განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა  გიორგი სიგუამ.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, საქართველოში იაპონელი ვიზიტორების სტატისტიკა წლიდან წლამდე საშუალოდ 30%-ით იზრდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები