სტიქიამ სამეგრელოში პრობლემები შექმნა
სტიქიამ სამეგრელოში პრობლემები შექმნა. ზუგდიდისა და ხობის მცხოვრებლების თქმით, ძლიერი წვიმის შედეგად, დახოცილია შინაური ფრინველი, პირუტყვი, განადგურებულია მოსავალი, დატბორილია პირველი სართულები, სარდაფები. ადგილობრივები დახმარებას ითხოვენ.
ადგილზე უკვე იმყოფებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
როგორც სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი გეგუჩია აცხადებს, ზარალის დათვლა უკვე დაწყებულია.
“ანალოგიური სიტუაციები გვაქვს მთლიანად რეგიონის მასშტაბით. ხობში დაიტბორა რამდენიმე საცხოვრებელი სახლი. რამდენიმე მდინარეზე ნაპირსამაგრი ჯებირია მონგრეული. ჯერჯერობით უცნობია, მთლიანად მუნიციპალიტეტებს რა ტიპის ზარალი მიადგა. თუმცა, მიმდინარეობს დათვლა და უახლოეს პერიოდში გვეცოდინება თუ ზარალი მივიღეთ”,- აცხადებს გეგუჩია.