“როგორც ჩანს, მოსკოვი გააქტიურდა, ცხინვალის სეპარატისტულ რეჟიმს რბილი ძალის ინსტრუმენტად იყენებს” – მაისაია ე.წ რეფერენდუმის შესახებ კონსულტაციებზე

როგორც ჩანს, მოსკოვი გააქტიურდა, ცხინვალის სეპარატისტულ რეჟიმს რბილი ძალის ინსტრუმენტად იყენებს, – ამის შესახებ უსაფრთხოებისა და სამხედრო საკითხების ანალიტიკოსი, ვახტანგ მაისაია აცხადებს.

მაისაია მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე მოსკოვში ჩანიშნულ კონსულტაციებს გამოეხმაურა, რომელიც ე.წ. სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთების შესახებ ე.წ. რეფერენდუმის საკითხს ეხება.

“ჩვენი დღევანდელი საუბრის თემაა მოსკოვში დაწყებული კონსულტაციები, რომელიც სავარაუდო, ე.წ. რეფერენდუმის ჩატარება-არჩატარების თემას ეხება. როგორც მოგეხსენებათ, ამ ე.წ კონსულტაციებში ე.წ. სამხრეთ ოსეთის ახალი დე ფაქტო პრეზიდენტი, ალან გაგლოევი მონაწილეობს. ასევე, როგორც მე ვიცი, მასში მონაწილეობს ე.წ. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე და ცხინვალის რამდენიმე მაღალჩინოსანი. მოსკოვის მხარეს ვინ წარმოადგენს, ჯერჯერობით, უცნობია. სავარაუდოდ, ეს, ძირითადად, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის აპარატის წარმომადგენელი იქნება, რომელიც ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებას კურირებს. აქვე საინტერესო მომენტი ისაა, რომ რუსეთმა ოკუპირებულ ცხინვალში მცხოვრებლებისთვის ორმაგი მოქალაქეობის მინიჭების შესახებ ე.წ. ხელშეკრულება დაამტკიცა. როგორც მოგეხსენებათ, სიტუაცია თავად ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარედაც გართულდა. შეიძლება, ვთქვათ, რომ ეს ყველაფერი ერთად მორიგი ასიმეტრიული საფრთხეა, რომელიც ჩვენი მიმართულებით მოდის. როგორც ჩანს, მოსკოვი გააქტიურდა, ცხინვალის სეპარატისტულ რეჟიმს როგორც რბილი ძალის ინსტრუმენტს იყენებს იმისათვის, რომ დღევანდელ ხელისუფლებაზე ზეგავლენის ბერკეტები ჰქონდეს. როგორც ჩანს, საუბარია იმ აჟიოტაჟზე, რომელიც საქართველოშია დაწყებული თემაზე – გვინდა თუ არა ევროკავშირი, საერთოდ, დასავლური მიმართულება. ეს არის კონსტიტუციური პრივილეგია. 78- ე მუხლში ეს თემა დაფიქსირებულია. წესით, ამას ასეთი დებატები და აჟიოტაჟი არ უნდა მოჰყოლოდა.

ეს ყველაფერი ერთად უნდა განვიხილოთ, როგორც მოსკოვის მიერ კვლავ გამოყენებული რბილი ძალის ინსტრუმენტი, რომლის მთავარი ამოცანაა, საქართველოში ევროპული ღირებულებების შემოსვლა არ დაუშვან, საქართველო ევროკავშირის და ნატო-ს წევრი სახელმწიფო არ გახდეს, ქვეყანამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღოს. ეს ყველაფერი ერთ კონტექსტში უნდა განვიხილოთ.
როგორც ჩანს, ამ ე.წ კონსულტაციების ბედი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ განვითარდება სიტუაცია, რამდენად მოგვანიჭებენ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს. თუ აღნიშნული სტატუსი მოგვანიჭეს, არ არის გამორიცხული, მოსკოვმა თავისი მზაკვრული გეგმა აამოქმედოს. თუმცა, მას არავითარი გავლენა არ ექნება, იმიტომ რომ, როგორც ჩანს, ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ ადგილობრივებსაც, საქართველოს მოქალაქეებს, გაუჩნდათ სურვილი, ევროპული ოჯახის წევრები გახდნენ და არა – პუტინის რუსეთის მოქალაქეები.

რაც შეეხება რუსი პოლიტოლოგის, სერგეი კარნაუხოვის განცხადებას იმის შესახებ, რომ, თითქოს, ალან გაგლოევი ამერიკის გავლენის აგენტია, ეს ძალიან სასაცილო განცხადებაა. ეს იმას წარმოაჩენს, რომ მოსკოვში გარკვეული ულტრარადიკალური პოლიტიკური დაჯგუფების წარმომადგენლები არიან, რომლებიც ცდილობენ, ე.წ. რეფერენდუმის საკითხი ეგრევე გამოიყენონ. როგორც ჩანს, კრემლშიც გარკვეული უთანხმოებაა. ამას დავარქვათ უთანხმოება ზომიერ ულტრანაციონალისტებსა და ულტრარადიკალ ნაციონალისტებს შორის. სხვა დაჯგუფებები მოსკოვსა და კრემლში აღარ არსებობენ. რა თქმა უნდა, ისინი, ერთიც და მეორეც, საქართველოს მტრები არიან”, – განაცხადა მაისაიამ.

ცნობისთვის, ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, ალან გაგლოევის პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, მოსკოვში ე.წ. სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთების შესახებ ე.წ. რეფერენდუმის საკითხზე კონსულტაციები 14 ივნისს გაიმართებოდა.

აღინიშნა, რომ, გაგლოევის ხელმძღვანელობით, ე.წ. სამხრეთ ოსეთის დელეგაცია რუსეთის დედაქალაქში გაემგზავრა.

30 მაისს ალან გაგლოევმა ყოფილი დე ფაქტო პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის განკარგულება შეაჩერა, რომელიც რუსეთთან შეერთების შესახებ ე.წ. რეფერენდუმის ჩატარებას გულისხმობდა.

გაგლოევს ეს ნაბიჯი მოსკოვში მოუწონეს და აღნიშნეს, რომ შემდგომი კონსულტაციებისთვის მზად არიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები