იერუსალიმში, რამოტის გზაჯვარედინზე მომხდარ შეიარაღებულ თავდასხმას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა, 15 კი დაშავდა. დაშავებულთაგან ექვსის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.
ისრაელის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ოთხი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ერთი საავადმყოფოში.
ისრაელის პოლიციის ინფორმაციით, თავდასხმა დღეს დილით, ადგილობრივი დროით 10:00 საათზე მოხდა. ორი შეიარაღებული პირი ცეცხლს ხსნიდა ავტობუსის მგზავრებისა და გამვლელი მოქალაქეების მიმართულებით. მათზე საპასუხო ცეცხლი უსაფრთხოების ძალებმა და მახლობლად მყოფმა მოქალაქემ გახსნეს, რის შედეგადაც თავდამსხმელები ადგილზე ლიკვიდირებულები არიან.
სასწრაფო დახმარების სამსახურის ცნობით, დაშავებულები სხვადასხვა საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათ შორის რამდენიმე რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
შემთხვევის ადგილას მობილიზებულია პოლიცია და უსაფრთხოების დამატებითი ძალები. იერუსალიმის ჩრდილოეთ შესასვლელში გზები დროებით ჩაკეტილია.
როგორც მედია აღნიშნავს, შემთხვევა ხდება იმ ფონზე, როდესაც რეგიონში ისრაელსა და პალესტინელ დაჯგუფებებს შორის დაძაბულობა კიდევ უფრო იზრდება.