რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე 2021 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში მოისმინეს

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტებმა საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში” ერთობლივ სხდომაზე მოისმინეს.

პარლამენტის ინფორმაციით, ბიუჯეტის მაკროეკონომიკური პარამეტრების წარდგენისას ფინანსთა მინისტრის პირველ მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ განმარტა, რომ 2021 წლის ბიუჯეტის დამტკიცების პერიოდში, COVID-19 გავრცელების მაჩვენებელი ყველაზე მაღალ ნიშნულზე იყო – შესაბამისად, მოქმედებდა მნიშვნელოვანი შეზღუდვები, რაც გავლენას ახდენდა ეკონომიკის განვითარებაზე.

მინისტრის პირველმა მოადგილემ აღნიშნა ისიც, რომ შეზღუდული ფისკალური რესურსის მიუხედავად, ბიუჯეტი მოსახლეობის და ბიზნესის მხარდამჭერი პროგრამებისა და ჯანმრთელობის დაცვის ღონისძიებების დაფინანსებას ითვალისწინებდა.

„2021 წლის პირველ თვეში ეკონომიკური ვარდნა 11%-ზე მეტი იყო, თებერვალში – 5,1%. პირველი დადებითი მაჩვენებელი გამოჩნდა 2021 წლის მარტში, როდესაც ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელმა 4,5% შეადგინა. აპრილის თვიდან კი მნიშვნელოვნად გაიზარდა ექსპორტ-იმპორტის მაჩვენებელი, დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვები, კრედიტების მაჩვენებელი. ამ ყველაფერმა მოიტანა ის შედეგი, რომ აპრილშივე 44,5% იყო უკვე ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი. დადებითი ტენდენციები გაგრძელდა მაისშიც. მეორე კვარტალში 25% -ყო რეალური ზრდა, მესამე და მეოთხე კვარტლებშიც, შედარებით დაბალი ტემპით, მაგრამ ასევე იყო ზრდა. შესაბამისად, ჯამში, გასულ წელს მივიღეთ 10,4%-იანი ეკონომიკური ზრდა”, – განაცხადა გიორგი კაკაურიძემ. მომხსენებელმა მიმდინარე და მომდევნო წლების ფინანსური მდგომარეობისა და მოსალოდნელი პროგნოზების შესახებ ძირითადი მაკროეკონომიკური და ფისკალური პარამეტრების თაობაზე ინფორმაციაც წარადგინა.

„მიმდინარე პერიოდში ქვეყნის მაკროეკონომიკური პოლიტიკა მიმართული იქნება ეკონომიკის ზრდის ხელშეწყობისკენ, რათა საშუალოვადიან პერიოდში ქვეყნის განვითარების დონე დაუბრუნდეს პოტენციურ მაჩვენებელს და უზრუნველყოს მაკროეკონომიკური სტაბილურობა. აღნიშნულის მისაღწევად ძირითადი პრიორიტეტებია ეკონომიკის სტაბილიზაცია და ეკონომიკური ზრდის მდგრადი და მაღალი ტემპის შენარჩუნება, პანდემიის პირობებში გაზრდილი სახელმწიფო ვალის ეფექტური კონსოლიდაცია, ინფლაციის დონის მიზნობრივ მაჩვენებელთან დაბრუნება, საგარეო მოწყვლადობების შემცირება და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესება”, – აღნიშნა მომხსენებელმა.

გიორგი კაკაურიძემ საშუალოვადიან მაკროეკონომიკურ პროგნოზებზეც ისაუბრა და ყურადღება რეგიონული და მუნიციპალური ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილისა და შემოსულობების შესახებ გაამახვილა. მან, ასევე, ინფრასტრუქტურისა განვითარებისა და გარემოს დაცვის მიმართულებით გაწეული ხარჯებისა და არსებული პროგნოზების შესახებ ისაუბრა.

„საინტერესო და იმედისმომცემი მოხსენება მოვისმინეთ. შარშანდელი წელი მოულოდნელად წარმატებული იყო, იმიტომ, რომ პანდემია ჯერ არ იყო დამთავრებული და მსოფლიოს ბევრი ქვეყანა ჯერ კიდევ რეცესიის პირობებში იმყოფებოდა. კარგია, რომ მიუხედავად უკრაინაში მიმდინარე ომისა, დღეს ვაგრძელებთ დადებითი ტენდენციის შენარჩუნებას. თუმცა, მესმის, რომ ამას დიდი ძალისხმევა სჭირდება, ამიტომ მაქსიმალურად ყურადღებით უნდა ვიყოთ პოლიტიკურადაც და ეკონომიკის მიმართულებითაც”, – განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა.

დისკუსიის შემდეგ, კომიტეტებმა „საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში”და “ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ” ინფორმაცია ცნობად მიიღეს და პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები