გივი მიქანაძე საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლებს შეხვდა
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრმა, ახალგაზრდობის მიმართულების ხელმძღვანელმა პარლამენტში, გივი მიქანაძემ ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
პარლამენტის ინფორმაციით, გივი მიქანაძემ სტუმრებს კომიტეტის მიერ ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარებისა და ხელშეწყობისთვის მომზადებული გეგმები გააცნო. საუბარი შეეხო როგორც საკანონმდებლო კუთხით განსახორციელებელ კონკრეტულ აქტივობებს, ასევე, მოქმედი კანონმდებლობის ანალიზს ასოცირების შეთანხმებასთან და გაერო-ს მდგრადი განვითარების მიზნებთან მიმართებით. გივი მიქანაძის განცხადებით, ანალიზი, რომელიც 2022 წლის ბოლომდე მომზადდება, კომიტეტს შესაძლებლობას მისცემს, სხვადასხვა მოქმედ კანონში ახალი საკანონმდებლო ცვლილებები განახორციელოს. მისივე თქმით, ცვლილებების განხილვა 2023 წლის საგაზაფხულო სესიაზე იგეგმება. საზედამხედველო ფუნქციის გაძლიერების კუთხით გატარებულ ღონისძიებებზე საუბრისას, გივი მიქანაძემ ყურადღება კომიტეტის მიერ დამტკიცებულ 2020-2030 წლების კონცეფციაზე გაამახვილა.
დეპუტატმა ადგილობრივ თვითმმართველობებში დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ახალგაზრდობის ჩართულობის გაზრდის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. „ყველა ეს ინიციატივა, რომელიც ახალგაზრდული პოლიტიკის გაძლიერების თვალსაზრისით, კომიტეტის ფარგლებში მომზადდა, ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლების მხრიდან პოზიტიურად იქნა აღქმული. ამ პროცესების მიმართ მათი მხრიდან სრული მხარდაჭერა გამოითქვა.
შეხვედრაზე უფრო ინტენსიურ კომუნიკაციაზე და კონკრეტულ აქტივობებში ევროკავშირის მხრიდან უფრო ინტენსიურ ჩართულობაზე შევთანხმდით. სტუმრებთან შეხვედრაზე საუბარი იმ კონკრეტულ პროექტებსაც შეეხო, რომელსაც ევროკავშირი ახალგაზრდული პოლიტიკის მხარდასაჭერად საქართველოში ახორციელებს. მათი მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება პარლამენტის კომიტეტის მხრიდან საზედამხედველო ფუნქციის განხორციელების გაძლიერებაზე გამახვილდა, რაც პარლამენტისთვის და კონკრეტულად, კომიტეტისთვის, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფუნქციას წარმოადგენს. უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ ამ კუთხით ინტენსიური კომუნიკაცია და კოორდინაცია გვაქვს სამინისტროსთან, რომელიც უშუალოდ პასუხისმგებელია ამ პოლიტიკის განხორციელებაზე”, – განაცხადა გივი მიქანაძემ.