გივი მიქანაძე დონორი და საქართველოში მოქმედი ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრმა, ახალგაზრდობის მიმართულების ხელმძღვანელმა პარლამენტში გივი მიქანაძემ დონორი და ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ინდივიდუალური შეხვედრები გამართა.
პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრების მიზანს ახალგაზრდობის მიმართულების შემდგომი განვითარება და აღნიშნულ პროცესში, კომიტეტის ჩართულობა და მისი როლი წარმოადგენდა.
ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების საერთაშორისო სააგენტოს, მერსი კორპის და საქართველოში მოქმედი ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრებზე, მხარეებმა ახალგაზრდობის წინაშე არსებული საჭიროებები და გამოწვევები განიხილეს, რაც, გივი მიქანაძის შეფასებით, მნიშვნელოვანი კომპონენტია იმ კონცეფციის განხორციელებისთვის, რომელიც კომიტეტმა 2020 წელს შეიმუშავა და დაამტკიცა. „შეხვედრებზე გამოიკვეთა არაერთი მიმართულება, რომელიც კომიტეტსა და კონკრეტულ ორგანიზაციებს შორის შემდგომ თანამშრომლობას ეფუძნება. დაისახა კონკრეტული გეგმები. ყოველივე ეს მიზნად ისახავს, როგორც ქალაქებში, ასევე რეგიონის მუნიციპალიტეტებში ახალგაზრდული პროგრამების გაძლიერებას.
აღნიშნული კომპონენტები კი, შესაბამის სამინისტროსთან და ახალგაზრდულ სააგენტოსთან მჭიდრო კოორდინაციაში განხორციელდება. შეხვედრები ცხადყოფს, რომ ახალგაზრდობის მიმართულებაზე ძალიან ბევრ ორგანიზაციას აქვს მნიშვნელოვანი პროგრამები და პროექტები მომზადებული და მათი მხრიდან, ამ საქმიანობის გაგრძელების მზაობა არსებობს”, – აღნიშნა გივი მიქანაძემ.
მისივე განცხადებით, კომიტეტი დონორ და ახალგაზრდობაზე მომუშავე ადგილობრივ ორგანიზაციებთან რეგულარულ და ინტენსიურ კომუნიკაციას გეგმავს, რომლის ფარგლებშიც შესაძლოა განხილული იყოს ის საკანონმდებლო ინიციატივები, რომლებიც ახალგაზრდობასთან დაკავშირებულ საკითხების გაძლიერებას კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს.