ზაალ ანჯაფარიძე: დაპირისპირების მეორე მხარეს კი დგას, პირობითად რომ ვუწოდოთ, „20 ივნისის საზოგადოება“, რომელიც ევროპარლამენტის რეზოლუციით შეიარაღებული, 20 ივნისის მიტინგზე საკუთარი ძალების დათვალიერებას გეგმავს, რომ გაიგოს – რა პერსპექტივა აქვთ ახალი „მაიდანის“ მოსაწყობად

ინფორმირებული წყაროების თანახმად, საქართველოში 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, აშშ-ის სახელისუფლებო კაბინეტებში მოხაზეს სქემა, რომლის მიხედვითაც „ნაცმოძრაობა“ ხელისუფლებაში კიდევ ერთი ვადით უნდა დარჩენილიყო. კოლექტიურ დასავლეთს ეჭვები და შიშები ჰქონდა ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით და ერჩივნა, ისევ მათთან კარგად შეთამაშებულ „ნაცმოძრაობასთან“ ჰქონოდა ურთიერთობა პრინციპით – „ის ნაძირალაა, მაგრამ ჩვენიანი ნაძირალა“.

სქემა ითვალისწინებდა საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ, სააკაშვილის პატივით გაცილებას ხელისუფლებიდან ისე, რომ ის არ დაბრუნდებოდა პრემიერ-მინისტრად. საპარლამენტო არჩევნებში 60/40 პროპორციით, („ნაცმოძრაობის“ სასარგებლოდ), „ნაცები“ დარჩებოდნენ ხელისუფლებაში, ხოლო „ქართული ოცნება“ და სხვა ოპოზიცია იქნებოდა სათანადოდ წარმოდგენილი, შეიქმნებოდა დემოკრატიული პლურალიზმის ფასადი და დასავლეთი ოთხი წლით მშვიდად იქნებოდა. ამ სქემას იყო მორგებული NDI/IRI -ს წინასაარჩევნო „გამოკითხვების“ შედეგებიც, ხალხს რომ „ნაცების“ „დამაჯერებელ“ გამარჯვებაში არწმუნებდნენ.

თუმცა, ეს სქემები და გათვლები თავდაყირა დააყენა საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობის კონსოლიდირებულმა ნებამ, აქტივობამ და შემართებამ, რამაც  დასავლეთი იძულებული გახადა, შეგუებოდა. შედეგად, მათ აიძულეს სააკაშვილი და „ნაცმოძრაობა“ ხელისუფლება დაეთმოთ. ეს რეტროსპექტივა იმის სადემონსტრაციოდ მოვიყვანე, რომ თუ დასავლეთზე რამე ახდენს ზემოქმედებას, და აქვს, ასე ვთქვათ, „ცივი შხაპის“ ეფექტი, ეს არის ჩვენი საზოგადოების მყარი უმრავლესობის მკაფიოდ გამოხატული დამოკიდებულება კონკრეტული საკითხის მიმართ. ასე ხდება სხვა ქვეყნებშიც. მისი უდიდებულესობა ხალხი, რომელსაც „ნაცმოძრაობის“ იდეოლოგები „ფრუსტრირებულ ბიომასას“ უწოდებენ, საჭიროების შემთხვევაში, წყვეტს ბევრ რამეს, თუ არა – ყველაფერს.

რეზოლუციაში ჩანს ევროპარლამენტის პოზიცია – საქართველოს არჩეული ხელისუფლებისა (არჩევნებით რომელიც საერთაშორისო დამკვირვებლებმა აღიარეს!) და ქვეყნის მოსახლეობის ერთმანეთისგან გამიჯვნა და ერთმანეთთან დაპირისპირება ქვეყნის გეოპოლიტიკური ორიენტაციის თემაზე. ამასვე ემსახურებოდა მანამდე ორი ევროპარლამენტარის წერილი ქართველ ხალხს – აირჩიეთ ევროპა ან „ქართული ოცნებაო.“ ამას დაუმატეთ დასავლელი დიპლომატების თუ მაღალჩინოსნების განცხადებები, რომ, თუ საქართველოს კანდიდატის სტატუსი და ევროპული ოჯახის წევრობა უნდა, სრულად უნდა მიუერთდეს რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს და საერთოდ, უფრო აქტიურად უნდა დაუპირისპირდეს რუსეთსო და ა.შ. პოლიტიკაში ჩაუხედავი ადამიანისთვისაც კი კარგად ჩანს, თუ რა კალაპოტში გადადის საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესი, თუნდაც მოლდოვასთან შედარებით, რომელიც შეიძლება ჩვენზე უფრო ფრთხილ პოლიტიკას ატარებს რუსეთთან.

ევროპარლამენტის რეზოლუცია, რომელსაც თავად ევროპარლამენტარები „გარდამტეხს“ და „ბოლო გაფრთხილებას“ უწოდებენ, მართლაც რომ გარდამტეხია, რადგანაც საქართველოს მიმართ ასეთი შინაარსის და პათოსის რეზოლუცია ევროპარლამენტს არ მიუღია. თუ გვერდზე გადავდებთ იმ უზუსტობებს და ტყუილებს, რაც ასე უხვადაა რეზოლუციაში, ეს დოკუმენტი, ფაქტობრივად, ქვეყანაში სამოქალაქო დაპირისპირების ინსპირატორად იქცა, თუ რეზოლუციაზე ჩვენი საზოგადოების რეაქციებით ვიმსჯელებთ.

ფაქტობრივად, ერთ მხარეს დგას საზოგადოება, რომელიც ევროინტეგრაციას ემხრობა, მაგრამ ევროპარლამენტის რეზოლუცია სრულიად სამართლიანად აღიქვა, როგორც შეურაცხმყოფელი (სინამდვილეში ასეც არის!), რომელიც უსამართლოდ აკნინებს საქართველოს მოლდოვისა და უკრაინის წინაშე. მეორე მხარეს, კი დგას პირობითად რომ ვუწოდოთ, ე.წ. „20 ივნისის საზოგადოება“, რომელიც ევროპარლამენტის რეზოლუციით შეიარაღებული, 20 ივნისის მიტინგზე საკუთარი ძალების დათვალიერებას გეგმავს, რომ გაიგოს რა პერსპექტივა აქვთ ახალი „მაიდანის“ მოსაწყობად.

ევროპარლამენტის იმ ყბადაღებულ რეზოლუციაში, რომელშიც არ გამოვრიცხავ, რომ საკმაოდ დიდი ფულიც ჩაიხარჯა და გავლენიანი ჯგუფებიც ჩაერთვნენ, ჩაიდო დაყოვნებული მოქმედების ნაღმი, რომელიც გადასცეს ხელში აქაურ ოპოზიციას საჭირო დროს ასაფეთქებლად. თუ დააკვირდით, სწორედ ევროპარლამენტის რეზოლუციის შემდეგ მოუხშირეს რადიკალურმა ოპოზიციამ და მათმა სატელიტებმა საუბრებს ხელისუფლების ცვლილებაზე, ვადამდელ არჩევნებზე და ა.შ.

შესაბამისად, ისევე როგორც 2012 წელს, მთავარი სიტყვა, ახლაც, ჩვენი საზოგადოების ჯანსაღ უმრავლესობას ეკუთვნის. ავტორიტარული ძალები, რომლებიც თავის დროზე „ქართულმა ოცნებამ“ დაინდო, ისევ გააქტიურდნენ. საზოგადოებაში მხარდაჭერის არმქონე, ახლაც, ისევე როგორც ადრე, გარე ძალების დახმარებით ლამობენ ქვეყანაში სიტუაციის აყირავებას და ხელისუფლების ხელში ჩაგდებას. ახლა, სწორედ, საზოგადოების უმრავლესობაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად მისცემენ ამის უფლებას და საშუალებას.

წყარო:for.ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები