დაზღვევის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე „დაზღვევის შესახებ” კანონში შესატან ცვლილებებს დეპუტატებმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირეს.
კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორის, ნინო იობაშვილის განმარტებით, კანონპროექტში რედაქციული ცვლილებები არ შესულა.
კანონპროექტით წესრიგდება სამსახურის საზედამხედველო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით, სამართლებრივი აქტების გამოცემის უფლებამოსილებასთან, შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებასთან, წერილობითი მითითებების გაცემასთან და დამატებითი მოთხოვნების დაწესებასთან დაკავშირებული საკითხები. კანონპროექტი აგრეთვე ითვალისწინებს სამსახურის მიერ სანქციის გამოყენების უფლებამოსილებას, მზღვეველის მიერ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში და სამსახურის მიერ სანქციის გამოყენების უფლებამოსილებას სადაზღვევო ბროკერის მიერ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის პროექტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში. „კანონპროექტი „მომხმარებელთა უფლებების შესახებ” ახალი საკანონმდებლო ჩარჩოს ნაწილია და იგი მნიშვნელოვანია ევროპასთან ინტეგრაციის გზაზე, ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული ვალდებულებების ნაწილში”, – განაცხადა მომხსენებელმა.