ომი შორს არის მოგებისგან. ყოველ შემთხვევაში, ზოგიერთი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენ ვხედავთ, საკმაოდ იმედგაცრუებულია და რუსები კვლავ პროგრესს განიცდიან. საკმაოდ დიდია შანსი იმისა, რომ რუსეთი არ დამარცხდება. თუ ისინი დიდხანს შეძლებენ პოზიციის შენარჩუნებას, მაშინ ჩვენ გეოპოლიტიკური რეალობის ძალიან სახიფათო ეტაპზე აღმოვჩნდებით, – ამის შესახებ გამოცემა Foreign Policy-სთან საუბრისას ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდბერგისმა განაცხადა.
მან ასევე აღნიშნა, რომ დასავლეთმა უკრაინის დასახმარებლად ყველაფერი უნდა გააკეთოს.
“ის, რასაც ამჟამად ვერ ვხედავთ და რაც მე მსურს, რომ ვიხილო, არის ის, რომ დიდმა სახელმწიფოებმა, ინდუსტრიულმა ძალებმა, აიღონ ვალდებულება, რომ განაგრძობენ უკრაინის დახმარებას მანამ, სანამ უკრაინა გამარჯვებას არ მიაღწევს და რუსეთი სტრატეგიული მარცხის წინაშე აღმოჩნდება. ამ ვალდებულების მისაღწევად ჯერ კიდევ ბევრი პოლიტიკური და დიპლომატიური ძალისხმევაა საჭირო.
მე ამ ომს სტრატეგიული თვალსაზრისით შევხედავდი და არა – ტაქტიკური, რადგან სამთვე-ნახევრის განმავლობაში უმეტესად ტაქტიკური თვალსაზრისით ვიყავით ჩართული. ეს ნიშნავს, რომ ვაკვირდებოდით რას მიაღწევდა უკრაინა ბრძოლის ველზე, ვაძლევთ მათ იარაღს და შემდეგ ვწყვეტდით, როგორი იარაღის სისტემებს მიგვეცა სამომავლოდ. მაგრამ ახლა საქმე ისაა, რომ ჩვენ დავისახეთ მიზანი, რომ რუსეთი სტრატეგიულად უნდა დავამარცხოთ ისე, რომ ვეღარ გაბედოს ომი უკრაინაში და იგივე ვერ გაიმეოროს მეზობლებთან მიმართებით. ასე რომ, თუ ეს არის სტრატეგიული მიზანი, მაშინ საკუთარ თავს უნდა დავუსვათ კითხვა: როგორ მივაღწიოთ ამ მიზანს? და რა სახის იარაღის სისტემებია საჭირო ამ მიზნის მისაღწევად? მე ვფიქრობ, რომ ეს ის კითხვაა, რომელზეც პასუხი ჯერ კიდევ არ არის გაცემული.
ტაქტიკურ ნაწილს რომ დავუბრუნდეთ, ომი შორს არის მოგებისგან. ყოველ შემთხვევაში, ზოგიერთი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენ ვხედავთ, საკმაოდ იმედგაცრუებულია და რუსები კვლავ პროგრესს განიცდიან. საკმაოდ დიდია შანსი იმისა, რომ რუსეთი არ დამარცხდება. თუ ისინი დიდხანს შეძლებენ ასე შენარჩუნებას, მაშინ ჩვენ გეოპოლიტიკური რეალობის ძალიან სახიფათო ეტაპზე ვიქნებით.
თუ დასავლეთის დახმარებით უკრაინა მოიგებს ომს, თუ ვალდებულება, რაზეც ვისაუბრეთ ჩვენი საუბრის დასაწყისში, მიიღება და საშუალებას მისცემს უკრაინას გაიმარჯვოს და რუსეთი დამარცხდება, მაშინ ვფიქრობ, რომ უკრაინა ევროპული უსაფრთხოების სისტემის ნაწილი გახდება. ეს ყველას მისცემს დიდ ნდობას, რომ ჩვენ გვაქვს ახალი სისტემა და ის მუშაობს. ხოლო, თუ რუსეთი ომს არ წააგებს, მაშინ ეს ყველასთვის შემაშფოთებელი სცენარი იქნება”, – განაცხადა გაბრიელიუს ლანდბერგისმა.